კენიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, დევიდ მარაგი, ნაირობიში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი იმ მოქალაქეებს შეუერთდა, რომლებიც დედაქალაქის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარკის ტერიტორიაზე 1300 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა იგეგმება. დევიდ მარაგი, რომელიც 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, აქციაზე საკუთარი პარტიის, United Green Movement-ის სიმბოლიკით მივიდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია აქტივისტებს, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე მსხდომნი პროტესტს გამოხატავდნენ. მარაგი, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად სატვირთო მანქანაში აიყვანეს, ამბობს, რომ არ დატოვებს პოლიციის განყოფილებას, სანამ დაკავებული აქტივისტები თავისუფლები არ იქნებიან.
კენიის ველური ბუნების სამსახური (KWS), რომელიც პარკს მართავს, ბრალდებებს უარყოფს. ოფიციალური უწყების განმარტებით, ტერიტორიაზე მიმდინარეობს არა ავტოსადგომის მშენებლობა, არამედ ცხოველთა თავშესაფრის გაფართოება. მათი თქმით, ეს პროექტი პარკის მხოლოდ 0.31%-ს მოიცავს და მიზნად ისახავს ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
პოლიციას დაკავებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, მომხდარს უკვე მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება. Amnesty International-მა, Greenpeace Africa-სთან და სხვა გარემოსდაცვით ჯგუფებთან ერთად, აქციის „ძალადობრივი გზით დაშლა“ მკაცრად დაგმო.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, რომლებიც კონსტიტუციით მინიჭებულ შეკრების უფლებას იყენებდნენ, მიუღებელია. დევიდ მარაგი კი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ეროვნული მემკვიდრეობა და გარემო დაცული უნდა იყოს „სიხარბისა და გაუმართლებელი განადგურებისგან“.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.