თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 61 წლის ზურა მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მენთეშაშვილი საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვის გამოა დაკავებული, რაც ხელისუფლებამ სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირა.

ზურა მენთეშაშვილი უკვე შვიდი თვეა პატიმრობაში იმყოფება. ის 31 ოქტომბერს, ღამის საათებში დააკავეს. განაჩენის მიხედვით, მას ციხეში კიდევ ორი თვის გატარება მოუწევს.

სასამართლო და „მტკიცებულებები“

სხდომაზე პროკურორი არ გამოცხადებულა, რადგან ის შვებულებაში იმყოფება. თუმცა, წინა სხდომებზე წარდგენილი მტკიცებულებები ძირითადად პოლიციელთა ჩვენებებსა და მენთეშაშვილის პირად ნივთებს ეფუძნებოდა.

სასამართლოს მიერ ნივთმტკიცებებად დალუქული ნივთების ჩამონათვალშია: მეტრომანის ბარათები, მხედველობის სათვალე, ხაკისფერი ჩანთა, მობილური ტელეფონი, თეთრი პირბადე და ქართული რაგბის დროშები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მენთეშაშვილმა გზა „უკანონოდ გადაკეტა“, რის გამოც სხვა მტკიცებულებების მოძიება „საჭიროც არ იყო“.

„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. ეს თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, რა მეთქმის. ისეთი დამნაშავე ვარ, ოთხჯერ ვარ დასაჭერი“, — განაცხადა მენთეშაშვილმა საბოლოო სიტყვაში.

პოლიტიკური კონტექსტი

ადვოკატი ჯანო ჭკადუა ზურა მენთეშაშვილს „სინდისის პატიმარს“ უწოდებს. მისი თქმით, სასამართლოსთვის კანონს და მტკიცებულებებს მნიშვნელობა არ ჰქონია, მთავარი იყო თავად პატიმრის ვინაობა და ხელისუფლების მიზანი.

აღსანიშნავია, რომ მენთეშაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დემონსტრანტია, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. დაკავების დღიდან ის სხვადასხვა ფორმით შიმშილობდა.

ტრაგიკული გარემოებაა ისიც, რომ დაკავებულის და, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, 30 მაისს უნდა დაკრძალონ. მიუხედავად ამისა, მენთეშაშვილი სასჯელს პატიმრობაში დაასრულებს.