საჰელის რეგიონი სერიოზული დესტაბილიზაციის ზღვარზეა. მალის დედაქალაქ ბამაკოს უკვე ცხრა თვეა, რაც მეამბოხე ჯგუფები საწვავის ბლოკადას უწესებენ, აპრილის ბოლოდან კი კონფლიქტი კრიტიკულ ფაზაში გადავიდა.

„ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის“ (JNIM) წევრებმა, ტუარეგ სეპარატისტებთან კოორდინაციით, მალის არმიასა და მათ რუს მოკავშირეებზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. შეტაკების შედეგად მალის თავდაცვის მინისტრი, სადო კამარა დაიღუპა.

მეამბოხეებმა ჩრდილოეთის უდიდესი ქალაქი კოდალი დაიკავეს და ბამაკოს მიმართულებით ბლოკადა კიდევ უფრო გაამკაცრეს. ეს ოპერაცია „აზავადის“ რეგიონში — ტიმბუქტუს, ტაუდენიტის, კოდალისა და გაოს ტერიტორიებზე — მიმდინარე ხანგრძლივი აჯანყებების ნაწილია.

კრიზისის ფესვები და 2015 წლის შეთანხმების კრახი

მალის სახელმწიფოებრიობა 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ საგრძნობლად დასუსტდა. 2015 წელს გაფორმებული „ალჟირის შეთანხმება“, რომელიც რეგიონულ დეცენტრალიზაციასა და სეპარატისტების არმიაში ინტეგრაციას ითვალისწინებდა, დღეს ფაქტობრივად გაუქმებულია. მალის სამხედრო ხელისუფლებამ დიპლომატიური გზების ნაცვლად, ძალისმიერი მეთოდები აირჩია.

ფრანგული კონტინგენტის გასვლისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ, ბამაკომ დაკარგა ეფექტური კონტროლი ჩრდილოეთზე. მეამბოხეებმა კი ისარგებლეს ამ ვაკუუმით და სტრატეგიული სატრანსპორტო არტერიები გადაკეტეს, რითაც სენეგალიდან და კოტ-დ’ივუარიდან საწვავის მიწოდება შეაფერხეს.

საერთაშორისო ჩართულობა და უცნობი მომავალი

რუსული „აფრიკული კორპუსის“ წარუმატებლობის პარალელურად, მალის მთავრობამ ანკარასთან თავდაცვითი შეთანხმებები გააფორმა. თუმცა, რეგიონული ძალების დაპირისპირება მალის ტერიტორიაზე კრიზისს მხოლოდ ართულებს.

ექსპერტების შეფასებით, ტუარეგ სეპარატისტებსა და ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს შორის ალიანსი მყიფეა. მათ მხოლოდ ბამაკოს რეჟიმის დამხობა აერთიანებთ, რაც მომავალში ამ ორ ძალას შორის შიდა დაპირისპირების მაღალ ალბათობას ქმნის.

კრიზისის გაჭიანურება შესაძლოა მიგრაციული კრიზისის მიზეზი გახდეს, რაც პირდაპირ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე. სამხედრო გამარჯვება არცერთ მხარეს არ აქვს, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად კვლავ დიპლომატიური მოლაპარაკებები რჩება.