2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდგომი პერიოდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ გადაცემა „რეჟიმის ანატომიაში“ იმ პერიოდის ტრაგიკულ მოვლენებსა და გარდაცვლილ სულიკო ასათიანზე ისაუბრა.
ლორთქიფანიძის თქმით, ასათიანის ცხედარი წამების მძიმე კვალს ატარებდა. მან დეტალურად აღწერა დაზიანებები, რომლებიც ექსპერტიზის პროცესში დააფიქსირეს.
„ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, მარცხენა თვალი ჰქონდა ამოთხრილი. ხელები მკლავებზე ჩალურჯებული ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს ჩამოკიდებულ მდგომარეობაში აწამებდნენ“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
პოლიტიკოსი იხსენებს, რომ გარდაცვლილის სხეულზე „ზელიონკით“ დამუშავებული ადგილებიც ჩანდა. მისი ვარაუდით, წამების პროცესში მსხვერპლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სავარაუდოდ, სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ გარდაიცვალა.
მტკიცებულებების განადგურება
საქმის გამოძიების პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეიქმნა. ლორთქიფანიძის განცხადებით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ცხედრის ამოღებისა და ქუთაისში გადასვენების შემდეგ ბიოლოგიური ნიმუშები აიღო. თუმცა, მათი შედარება სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებთან შეუძლებელი გახდა.
„სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს არანაირი უფლება არ ჰქონდა, თუმცა მათ შესაბამისი დოკუმენტაცია და ნიმუშები გაანადგურეს. ამის გამო სიმართლის დადგენა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.
ფსიქოლოგიური ზეწოლა დაკრძალვაზე
დავით ლორთქიფანიძემ ასევე გაიხსენა ის გარემო, რომელშიც სულიკო ასათიანის დაკრძალვა მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა სამოქალაქო აქტივობის ჩახშობას და მოსახლეობის დაშინებას.
„მიცვალებულის ჩამოსვენებისთანავე დააყენეს ვიდეოკამერა, რათა დაეფიქსირებინათ ყველა, ვინც პატივის მისაგებად მოვიდოდა. მოგვიანებით, ამ ადამიანებს ნათესავების ან ზონდერების მეშვეობით აშინებდნენ, რათა დაკრძალვაზე აღარ მისულიყვნენ“, - იხსენებს პოლიტიკოსი.
მისივე თქმით, არსებობდა ინფორმაცია, რომ იმ პირებს, ვინც დაკრძალვაზე არ მივიდოდა, ფულადი ანაზღაურება – 50 ლარი ჰქონდათ შეთავაზებული. ლორთქიფანიძემ აღნიშნული ქმედებები მწვავედ გააკრიტიკა და მას ზნეობრივი დეგრადაციის გამოვლინება უწოდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.