ნორვეგიის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მარიუს ბორგ ჰეიბის მოთხოვნა პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. 29 წლის ჰეიბი, რომელიც ნორვეგიის კრონპრინცესა მეტე-მარიტის შვილია, გაუპატიურებისა და სხვა მძიმე დანაშაულებების ბრალდებით სასამართლო განაჩენს წინასწარი პატიმრობის რეჟიმში დაელოდება.
სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ქვედა ინსტანციამ რამდენიმე დღის წინ ჰეიბის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებულს დედასთან, პრინცესა მეტე-მარიტთან ყოფნის უფლება მისცემოდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა.
52 წლის პრინცესას ფილტვის ფიბროზი აქვს და ამჟამად ფილტვის გადანერგვის მოლოდინშია. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მიუხედავად ამ არგუმენტისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჰეიბის გათავისუფლება რისკებს შეიცავს. კერძოდ, მოსამართლეებმა მიუთითეს, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების რეალური საფრთხე, განსაკუთრებით კი დაზარალებულებთან კონტაქტის აღდგენის კუთხით.
მარიუს ბორგ ჰეიბის წინააღმდეგ 40 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პროკურატურა მისთვის 7 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ბრალდება მოიცავს ოთხ ეპიზოდს გაუპატიურების მუხლით, რომელთა შორისაც ჰეიბი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან აღიარა მხოლოდ ნაწილობრივი ბრალდებები, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების ფლობა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.
სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე ექვსი კვირაა მიმდინარეობს, ნორვეგიის სამეფო კარისთვის მძიმე რეპუტაციულ დარტყმად იქცა. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა პრინცესა მეტე-მარიტის წარსულში არსებული კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან, რამაც სამეფო ოჯახის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეარყია.
ჰეიბის დაცვის ადვოკატმა, ელენ ჰოლაგერ ანდენესმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით უკიდურესად იმედგაცრუებულია. მისი თქმით, ბრალდებულისთვის დედის მძიმე ავადმყოფობის ფონზე ციხეში ყოფნა მორალურად აუტანელი ტვირთია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეიბი სამეფო ოჯახის წევრი არ არის, ის პრინც ჰაკონისა და მეტე-მარიტის ოჯახში იზრდებოდა. სამეფო წყვილმა ბრალდებული ციხეში გასულ კვირას მოინახულა, რაც ნორვეგიული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.