ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, მაიკ დევაინმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელია, რადგან სწორედ დევაინი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც 1981 წელს ოჰაიოში სიკვდილით დასჯის კანონმდებლობის მიღებას შეუწყო ხელი.
სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე 79 წლის გუბერნატორმა განმარტა, რომ თავისი კარიერის დასაწყისში სჯეროდა, თითქოს უმაღლესი ზომის სასჯელი დანაშაულის პრევენციას ახდენდა. დღეს ის ამბობს, რომ ეს არგუმენტი აღარ მუშაობს.
„მე არ მჯერა, რომ დღეს ამ არგუმენტის წარმატებით დამტკიცება შესაძლებელია. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ოჰაიომ სიკვდილით დასჯა უნდა გააუქმოს“, — განაცხადა დევაინმა. მისი თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ფაქტები ამ მიმართულებით შეიცვლება.
საზოგადოებრივი აზრის ცვლილება
გალაპის კვლევების თანახმად, აშშ-ში სიკვდილით დასჯის მხარდაჭერა 1994 წელს 80%-ს შეადგენდა, 2025 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 52%-მდე შემცირდა. ამ ცვლილებას როგორც მორალური, ისე პროცედურული არგუმენტები განაპირობებს.
კრიტიკოსები მიუთითებენ რასობრივ უთანასწორობაზე და იმ ფაქტზე, რომ სიკვდილით დასჯილთა შორის შავკანიანი და ლათინოამერიკელი მოქალაქეები დისპროპორციულად ჭარბობენ. გარდა ამისა, 1973 წლიდან დღემდე, სიკვდილმისჯილთაგან 202 ადამიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
პოლიტიკური დაპირისპირება
დევაინის პოზიცია მკვეთრად ეწინააღმდეგება რესპუბლიკური პარტიის მიმდინარე კურსს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპრილში დააანონსა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის გაფართოება, მათ შორის დახვრეტის მეთოდის გამოყენებით.
ოჰაიოში გუბერნატორის ინიციატივას წინაღობა ელის. შტატის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მეთ ჰაფმანი, უკვე დაუპირისპირდა ამ იდეას და განაცხადა, რომ ნებისმიერ მცდელობას გააუქმონ სიკვდილით დასჯა, „ენერგიულად შეეწინააღმდეგება“.
დევაინი, რომელსაც გუბერნატორის პოსტზე ბოლო ვადა ეწურება, მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გადახედოს 1981 წლის კანონს. ალტერნატივის სახით მან შესთავაზა, რომ საკითხი რეფერენდუმზე გავიდეს და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს მისი ბედი.
ოჰაიოში ბოლო სიკვდილით დასჯა 2018 წელს შესრულდა. დევაინის მმართველობის პერიოდში შტატში ფაქტობრივი მორატორიუმი მოქმედებს, ხოლო 2021 წელს მან ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის სიკვდილით დასჯას კრძალავს.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.