22 ნოემბრის დღისით, რუსულმა დრონმა უკრაინის ქალაქ დნიპროში, პერემოჰას საცხოვრებელ უბანში მდებარე ათსართულიან კორპუსს დაარტყა. დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ბინა სრულად განადგურდა.

„რუსულმა დრონმა პერემოჰას ქუჩაზე ათსართულიანი შენობა დააზიანა. სასწაულია, რომ ყველა გადარჩა, თუმცა ერთი ბინა პრაქტიკულად განადგურებულია“, — აღნიშნა მერმა. მისივე თქმით, დარტყმის შედეგად ბინის ჭერი და სახურავი მთლიანად ჩაინგრა, ოთახები კი ბეტონისა და მტვრის ნანგრევებად იქცა.

დარტყმის შედეგად დაზიანდა კორპუსის დაახლოებით ორი ათეული სხვა ბინაც. ასევე მწყობრიდან გამოვიდა ლიფტი, რომლის შახტის კედლებიც ნამსხვრევებითაა დაზიანებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობას დამატებითი ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდება.

ამავე დღეს, რუსული შეტევების შედეგად, ამურ-ნიჟნოდნიპროვსკის რაიონში ორი კერძო სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა.

დნიპროს გარდა, რუსულმა ძალებმა 22 ნოემბრის ღამეს კიევის ოლქის ვიშჰოროდის რაიონზეც მიიტანეს იერიში. დიმერში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც პირველიდან მეხუთე სართულის ჩათვლით ბინები განადგურდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კიევის ოლქში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. არსებობს ვარაუდი, რომ ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი, რადგან 14 მოქალაქესთან კავშირი ამ დრომდე ვერ ხერხდება.