22 ნოემბერს, ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტში მდგარი რუსული სამხედრო ხომალდი დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა. გენერალ ხალიფა ჰაფთარის ადმინისტრაციის პირველადი მოკვლევის თანახმად, აფეთქება გემზე უპილოტო საფრენი აპარატების შეტევამ გამოიწვია.

ლიბიელი სამხედრო ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაზიანებული გემი რუსეთის საზღვაო ძალების კორვეტი „მერკურია“. წყაროების ცნობით, რუსული ხომალდი ბენღაზიში საწვავის შესავსებად იყო გაჩერებული, თუმცა ადგილობრივი წყაროები ირწმუნებიან, რომ ის შეიარაღებას, საბრძოლო მასალასა და დრონებს გადაზიდავდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმა დასავლეთ ლიბიაში განთავსებული ბაზიდან განხორციელდა. მათივე თქმით, რუსულმა მხარემ სულ მცირე ოთხი დრონის ჩამოგდება შეძლო, თუმცა ორმა აპარატმა მიზანს მიაღწია. დარტყმამ რუსულ გემს სერიოზული დაზიანებები მიაყენა და პორტში ხანძარი გამოიწვია. სატელიტური გამოსახულებების მიხედვით, 22 ნოემბრის ბოლოს „მერკური“ გადაბრუნებული და თითქმის სრულად ჩაძირული იყო.

ინციდენტს ოფიციალური მოსკოვი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. პარალელურად, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბენღაზის სანაპიროსთან კიდევ ერთი საზღვაო დრონი დაფიქსირდა, რომლის სამიზნედაც, სავარაუდოდ, რუსული ტვირთმზიდი გემი „ასკალონი“ იქცა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ამ დრომდე არ დადასტურებულა.

ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ, რომელიც ტრიპოლიში ბაზირებს, მომხდარი დაგმო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა უარს ამბობს საკუთარი ტერიტორიული წყლების საერთაშორისო კონფლიქტების არენად გამოყენებაზე. „მთავრობა ეწინააღმდეგება ლიბიის ტერიტორიის, პორტებისა და წყლების ნებისმიერი სამხედრო თუ ლოჯისტიკური მიზნით გამოყენებას, რაც სახელმწიფო სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში, ვლადისლავ ვლასიუკმა „კიევ ინდიპენდენტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რუსული ხომალდების ხანძრები „სამწუხარო ტენდენციას“ წარმოადგენს და არ გამორიცხა მსგავსი ინციდენტების გამეორება.