ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ მას შემდეგ ჩაიძირა, რაც კვირას გამთენიისას მას სავარაუდოდ უკრაინული საზღვაო დრონები დაესხნენ თავს. ხომალდი, რომელიც რუსეთისკენ მიმავალ გზაზე საწვავის შესავსებად და მარაგების მოსამარაგებლად იყო გაჩერებული, აფეთქების შედეგად მძიმედ დაზიანდა.

ლიბიის აღმოსავლეთ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმისას რამდენიმე საზღვაო დრონი იქნა გამოყენებული. მათგან მინიმუმ ოთხი გაანეიტრალეს, თუმცა ორმა მიზანს მიაღწია და აფეთქება გამოიწვია. სატელიტური გამოსახულებები ადასტურებს, რომ კორვეტი „მერკური“ უკვე ჩაძირულია.

თავდასხმიდან რამდენიმე საათში, იმავე პორტის მიმდებარედ, საზღვაო დრონით დააზიანეს რუსეთთან დაკავშირებული სატვირთო გემი „ასკალონი“, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ტვირთს გადაზიდავდა. ლიბიის საზღვაო ძალებმა გემის ეკიპაჟის გადარჩენა შეძლეს, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბენღაზის პორტს გენერალ ხალიფა ჰაფთარის „ლიბიის ეროვნული არმია“ აკონტროლებს, რომელიც რუსეთთან მჭიდრო კავშირშია. ლიბიის ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო და მას ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. მათი განცხადებით, პორტის ოპერაციები უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ განახლდება.

სამხედრო ანალიტიკოსი H.I. Sutton-ი აღნიშნავს, რომ თავდასხმები სავარაუდოდ იმავე ტიპის დრონებით განხორციელდა, რომლებიც უკრაინამ შავ ზღვაში რუსული ფლოტის წინააღმდეგ შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ უკრაინული სპეცრაზმის მცირე ჯგუფი, რომელიც ლიბიის ქალაქ მისრატაშია ბაზირებული, გასული წლის განმავლობაში რუსული სატრანსპორტო გემების წინააღმდეგ დრონების ოპერაციებს ახორციელებდა.

პარალელურად, ბალტიის ზღვაში რუსული სატვირთო გემი „სპარტა II“ დაზიანდა. ფინეთის თავდაცვის ძალების ცნობით, გემი, რომელსაც კალინინგრადისკენ გადაჰქონდა ტვირთი, შაბათს საერთაშორისო წყლებში დრონების შეტევის სამიზნე გახდა. ეკიპაჟის წევრები ევაკუირებულნი არიან, ფინეთის, რუსეთისა და ესტონეთის სამაშველო სამსახურები ხანძრის ჩაქრობასა და გემის სტაბილიზაციაზე მუშაობენ.