2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტურნირის გარშემო სკანდალები არ წყდება. ამჯერად, პრობლემა ფეხბურთის მსაჯს შეექმნა. სომალელმა არბიტრმა, ომარ არტანმა, რომელიც ისტორიაში პირველი სომალელი მსაჯი უნდა გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, აშშ-ში შესვლის უფლება ვერ მიიღო.

არტანი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს. როგორც თავად მსაჯი აცხადებს, იგი 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა საიმიგრაციო სამსახურის დაკითხვაზე. ამის შემდეგ ის დროებით საკანში გადაიყვანეს, საბოლოოდ კი სტამბოლის რეისით უკან გააბრუნეს.

„მე მქონდა ყველა საჭირო საბუთი და ვიზა. უბრალოდ, ვარ მსაჯი, რომელიც საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდ ოცნებას მიჰყვება“, — განაცხადა არტანმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბარში. მისი თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი მოქალაქეობის გამო იქნა მიღებული.

ფიფამ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ომარ არტანი ტურნირზე ვეღარ იმსაჯებს. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მასპინძელი ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვთ და არტანის სტატუსი ამ ეტაპზე უცვლელი დარჩება. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა მსაჯი ვალდებულია, ფიზიკური მომზადებისა და უსაფრთხოების მიზნით, ფლორიდაში, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდეს.

თეთრი სახლის მსოფლიო ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ჯულიანიმ, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საბაჟო და სასაზღვრო პატრულის გადაწყვეტილება სწორი იყო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. სომალი იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ-ში შესვლა შეზღუდულია.

ამ ფაქტმა ფეხბურთის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია. ყოფილმა ინგლისელმა ფორვარდმა იან რაიტმა ტურნირი „ქაოსის მსოფლიო ჩემპიონატად“ მონათლა. მისი თქმით, ბოლო დღეებში მრავლად ვრცელდება ინფორმაცია გულშემატკივრების, ფეხბურთელების, ჟურნალისტებისა და ახლა უკვე მსაჯების არშეშვების შესახებ. რაიტი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები მასპინძელი ქვეყნის იმიჯისთვის დამამცირებელია.