Getty Images

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მმართველი კოალიციის წევრი, პარტია „დემოკრატიული ალიანსის“ (DA) ახალმა ლიდერმა, ჯორდინ ჰილ-ლუისმა პრეზიდენტ სირილ რამაფოსას კაბინეტში მასშტაბური ცვლილებების განხორციელების წინადადებით მიმართა. ცვლილებების მთავარი სამიზნე პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი და მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჯონ სტინჰუიზენია.

ჰილ-ლუისმა, რომელმაც პარტიის სადავეები აპრილში გადაიბარა, პრეზიდენტს სტინჰუიზენის ნაცვლად ახალი კანდიდატის, ვილი ოკამპის დანიშვნა შესთავაზა. ოკამპს დაევალება სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვა, მათ შორის პირუტყვის პირისა და ჩლიქის დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების მოგვარება.

სტინჰუიზენის მიმართ კრიტიკა სწორედ აღნიშნული ეპიდემიის არასათანადო მართვამ გამოიწვია. ფერმერები მას ადანაშაულებენ დაავადების ლოკალიზაციაში უმოქმედობასა და სექტორისთვის მიყენებულ ზიანში. ანალიტიკოსების შეფასებით, პარტიას სურს, დროულად მოახდინოს რეაგირება ფერმერთა უკმაყოფილებაზე, რაც მიმდინარე წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ სტინჰუიზენის პოზიციები პარტიაში მას შემდეგ შესუსტდა, რაც მან ლიდერის პოსტი დატოვა. გარდა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემებისა, მის რეპუტაციას ფინანსური სკანდალიც დაემჩნა, რამაც აიძულა იგი, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, იგი სავაჭრო და მრეწველობის მინისტრის მოადგილის პოსტზე უნდა გადავიდეს, რაც აშკარა დაქვეითებად აღიქმება.

Gallo via Getty Images

ჰილ-ლუისმა ასევე წარადგინა სხვა საკადრო ცვლილებებიც:

  • დევიდ მეინიერი - გარემოს დაცვის მინისტრი
  • ალექსანდრა აბრაჰამსი - ელექტროენერგიისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
  • იუსუფ კასიმი - უმაღლესი განათლებისა და ტრენინგების მინისტრის მოადგილე
  • ჯეკ ბლუმი - წყლისა და სანიტარიის მინისტრის მოადგილე

პრეზიდენტ რამაფოსას ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ გაუცია, თუმცა პოლიტიკური დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ის, სავარაუდოდ, კოალიციური პარტიის მოთხოვნას დათანხმდება. ჯონ სტინჰუიზენი, რომელიც 2014 წლიდან პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო, კოალიციური შეთანხმების არქიტექტორად ითვლება, თუმცა პარტიის შიგნით მისი დაახლოება მმართველ „აფრიკის ეროვნულ კონგრესთან“ (ANC) ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

Getty Images/BBC