Midjourney, კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი გენერაციული ხელოვნური ინტელექტით და „კატების სურათების“ შექმნით, ახალი მიმართულებით ვითარდება. აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ჰოლცმა, ოფიციალურად წარადგინა პროექტი Midjourney Medical და მისი პირველი ტექნოლოგიური პროდუქტი — სრულ სხეულის ულტრაბგერითი სკანერი.

მოწყობილობა, რომელიც „Midjourney Scanner“-ის სახელითაა ცნობილი, სენსორების სისტემას იყენებს. ის ადამიანის სხეულის შიდა სტრუქტურებს, მათ შორის კუნთებს, ცხიმოვან ქსოვილებს, ძვლებსა და ორგანოებს დეტალურად აანალიზებს. ჰოლცის განცხადებით, მიზანია, სკანირების ხარისხი მრავალი თვალსაზრისით MRI-ს გაუთანაბრდეს.

სკანირების პროცესი საკმაოდ მარტივია: მომხმარებელი დგება სპეციალურ პლატფორმაზე, რომელიც ნელ-ნელა ეშვება წყლით სავსე აუზში. წყლის შიგნით განლაგებულია ათასობით სენსორი, რომლებიც ულტრაბგერით ტალღებს უშვებენ და სხეულის შიგნით მიმდინარე პროცესებს აფიქსირებენ. სრულფასოვანი 3D გამოსახულების მისაღებად სულ რაღაც 60 წამია საჭირო.

პროექტი Butterfly Network-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, რომელიც ულტრაბგერითი ჩიპების წარმოებაშია სპეციალიზებული. თითოეული სკანერი 40 ასეთ მოდულს იყენებს, რაც, ორ პეტაფლოპსამდე გამომთვლელ სიმძლავრესთან ერთად, დეტალური ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.

Midjourney-ის გეგმებში სან-ფრანცისკოში სპეციალური „Midjourney Spa“-ს გახსნაც შედის, სადაც 10-მდე ასეთი სკანერი განთავსდება. სპა-ცენტრში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპორტული დარბაზი, საუნები და ცივი აბაზანები. ჰოლცი ვარაუდობს, რომ მომხმარებლები სკანირებას ყოველდღიურად ან წელიწადში ერთხელ ჩაიტარებენ, რათა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკას თვალი ადევნონ.

ამ ეტაპზე კომპანია აქცენტს აკეთებს „სხეულის შემადგენლობის რუკებზე“, რაც არ საჭიროებს ისეთივე მკაცრ სამედიცინო რეგულაციებს, როგორც დიაგნოსტიკური ვიზუალიზაცია. თუმცა, ჰოლცი არ გამორიცხავს, რომ მომავალში პროექტი უფრო ფართო სამედიცინო დანიშნულებასაც შეიძენს, რისთვისაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვები იქნება საჭირო.