სამხრეთ აფრიკელი რეპერი და ტელეწამყვანი მოლემო მააროჰანიე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც „ჯუბ ჯუბი“, პოლიციამ დააკავა. მას ბრალად ედება ტაქსის მძღოლის გატაცება და მის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა. ინციდენტი იოჰანესბურგიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარე ქალაქ ედენვეილში მოხდა.

სამართალდამცველების განცხადებით, კონფლიქტი კვირას, დილის 07:30 საათზე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მააროჰანიემ მძღოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაადანაშაულა, კერძოდ, მას საკუთარ შეყვარებულთან ურთიერთობის დამყარებაში დასდო ბრალი.

პოლიციის ცნობით, მუსიკოსმა მძღოლი იძულებით ჩასვა საკუთარ ავტომობილში და მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მძღოლმა თავის დაღწევა მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ პოლიციის უახლოეს განყოფილებაში გაემართა. მსხვერპლი ფიზიკურად არ დაშავებულა. დაკავებულმა მუსიკოსმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გააკეთა.

სკანდალური წარსული

მოლემო მააროჰანიესთვის ეს სამართალდამცავებთან პირველი შეხლა-შემოხლა არ არის. 2012 წელს მას ბრალი დასდეს მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში, რაც უკავშირდებოდა ქუჩის რბოლის დროს მომხდარ ავარიას, რომელსაც ოთხი სკოლის მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, ორმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ განაჩენი შეცვალა და ბრალდება მკვლელობიდან გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობად გადააკვალიფიცირა.

2023 წელს მუსიკოსი კვლავ დააკავეს გაუპატიურების, მკვლელობის მცდელობისა და თავდასხმის ბრალდებით, რომელიც მის ყოფილ შეყვარებულს უკავშირდებოდა. თუმცა, 2024 წელს პროკურატურამ საქმე შეწყვიტა, ვინაიდან „სასამართლოში წარმატებული დევნისთვის გონივრული პერსპექტივა არ არსებობდა“.

Getty Images/BBC

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მააროჰანიე უძღვება რეალითი შოუს „Uyajola 9/9“, რომელიც საზოგადოებაში მოღალატე პარტნიორების მხილებით არის ცნობილი. მომღერალი სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს წარდგება, სადაც მისი საქმის პირველადი მოსმენა გაიმართება.