2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მორიგი სკანდალი აგორდა. დისკრიმინაციის მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაცია Fare-მ ფიფას ოფიციალური მოთხოვნით მიმართა, რათა ვიდეო-რეფერის (VAR) გუნდიდან ავსტრალიელი მსაჯი, შონ ევანსი გაათავისუფლონ.

ინციდენტი გერმანიისა და კიურასაოს მატჩის დაწყებამდე მოხდა. პირდაპირ ეთერში, როდესაც ტელევიზიამ ვიდეო-რეფერის ოთახის კადრები აჩვენა, ევანსმა მარჯვენა ხელით ე.წ. „OK“ ჟესტი გააკეთა. თუმცა, ჟესტი, რომელიც წლების განმავლობაში უბრალო ნიშნად ითვლებოდა, დღეს ბევრად უფრო მძიმე კონტექსტს ატარებს.

რა არის სკანდალის მიზეზი?

Fare-ის ექსპერტების შეფასებით, მსაჯის მიერ გამოყენებული სიმბოლო გლობალურ მემარჯვენე რადიკალურ წრეებში „თეთრი ძალაუფლების“ (white power) ნიშნად არის ცნობილი. ნიუ-იორკში დაფუძნებულმა „ანტი-ცილისწამების ლიგამ“ (ADL) აღნიშნული ჟესტი სიძულვილის სიმბოლოდ ჯერ კიდევ 2019 წელს აღიარა.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედება მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბის ღონისძიებაზე მიუღებელია. „ცხადია, ამ ოფიციალურ პირს ტურნირზე ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს“, — აცხადებენ Fare-ში და ჟესტს „ნეო-ნაცისტურს“ უწოდებენ.

ბავშვური ხუმრობა თუ პოლიტიკური გზავნილი?

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ევანსის ქმედება განზრახი პოლიტიკური დემარში. არსებობს ე.წ. „წრის თამაშის“ (circle game) ვერსიაც, სადაც ადამიანები წელის ქვემოთ მსგავს ჟესტს აკეთებენ, რათა სხვები შეცდომაში შეიყვანონ და მოატყუონ.

თუმცა, Fare-ის წარმომადგენლები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მსაჯის მოტივს: „რატომ იყენებს VAR-ის ზედამხედველი ამ სიმბოლოს მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაზე ზუსტად იმ მომენტში, როცა იცის, რომ კამერები მას უყურებენ?“

აღსანიშნავია, რომ სკანდალის შემდეგ, ტელევიზიებმა VAR-ის ჯგუფის წარდგენა ეთერში შეწყვიტეს. ფიფასგან ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა წნეხი ორგანიზაციაზე დღითიდღე იზრდება.