2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკის დედაქალაქში გრანდიოზული გახსნის ცერემონიით დაიწყო. ლეგენდარული „აცტეკას“ სტადიონი ათასობით გულშემატკივარმა შეავსო, რომლებიც 40 წლის შემდეგ საკუთარ მიწაზე მსოფლიო პირველობის დაწყებას ელოდნენ.

ღონისძიება ფერადოვანი კულტურული პროგრამითა და მსოფლიო ვარსკვლავების გამოსვლებით გამოირჩეოდა. სცენაზე გამოვიდა კოლუმბიელი მუსიკოსი შაკირა, რომელმაც აუდიტორიას დაუვიწყარი შოუ შესთავაზა. გარდა ამისა, მაყურებლის წინაშე წარდგნენ J Balvin, Burna Boy, Danny Ocean და Fher Olvera.

Reuters

მექსიკის ჰიმნი მომღერალმა ფერნანდესმა შეასრულა, ხოლო სამხრეთ აფრიკული მხარის ჰიმნი გრემის მფლობელმა ტაილამ გააცოცხლა. სტადიონზე დამსწრე ათასობით ადამიანი, რომლებიც ეროვნულ ფერებში იყვნენ გამოწყობილნი, გახსნის ცერემონიის დასრულებისას სომბრეროების ჰაერში აყრით შეეგება მატჩის დაწყებას.

ტურნირის დაწყებას წინ საკმაოდ დაძაბული მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. მექსიკა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ გამოწვევას შეეჯახა, მათ შორის იყო სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, საპროტესტო აქციები და კრიმინალური დაჯგუფებების მიერ შექმნილი უსაფრთხოების პრობლემები.

Reuters

თუმცა, ხუთშაბათს ყველა ეს სირთულე მეორე პლანზე გადავიდა. გულშემატკივრებისთვის მთავარი ფეხბურთია. ხავიერ პერესი, რომელიც სტადიონზე ოჯახთან ერთად მივიდა, ამბობს, რომ მოლოდინი და აღფრთოვანება ყველა არსებულ სირთულეს აღემატება.

„ეს უნიკალური გამოცდილებაა. პირველად ვარ მსოფლიო ჩემპიონატზე და ოჯახთან ერთად ყოფნა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, მექსიკა წარმატებულ სტარტს აიღებს და ბევრ გოლს გაიტანს“, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ჩემპიონატი ერთობლივად ტარდება მექსიკის, აშშ-სა და კანადის მიერ. პარასკევს, აშშ-სა და კანადის მასპინძლობით, დამატებითი გახსნის ცერემონიები გაიმართება, რომელშიც ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან ქეთი პერი და Future.