2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. საფეხბურთო სამყაროს მთავარი მოვლენა ისტორიაში პირველად სამ ქვეყანაში — აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ერთდროულად ტარდება.
სტარტი უკვე აღებულია: გახსნითი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის მიმდინარეობს. თამაში მექსიკის ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“ იმართება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი არენაა.
მსოფლიო ჩემპიონატი რუსთავი 2-ზე
ქართველი გულშემატკივრებისთვის წლევანდელი მუნდიალი განსაკუთრებულია. ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატს „რუსთავი 2-ის“ საეთერო მოედანი მასპინძლობს. ტელეარხი მაყურებელს 19 ივლისის ჩათვლით 104-ვე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სთავაზობს.
საფეხბურთო მარათონს 8 კომენტატორი გაუძღვება, რომლებიც მაყურებელს სამი ქვეყნის სტადიონებიდან მიაწვდიან ინფორმაციას. მაყურებელს შეუძლია, თვალი ადევნოს მატჩებს არხის ციფრულ პლატფორმებზეც: „ფეისბუქზე“, „იუთუბსა“ და „ინსტაგრამზე“, სადაც ექსკლუზიური კონტენტი და საუკეთესო მომენტები იქნება წარმოდგენილი.
საჯარო ჩვენებები საქართველოს ქალაქებში
ფეხბურთის ზეიმი არამხოლოდ ტელეეკრანებზე, არამედ ღია სივრცეებშიც გადაინაცვლებს. „რუსთავი 2-ისა“ და თბილისის მერიის პარტნიორობით, 28 ივნისიდან ფლეი-ოფის ყველა მატჩი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანებზე იქნება ნაჩვენები.
საჯარო ჩვენებები მოეწყობა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. გულშემატკივრებს მუნდიალის მატჩების ყურება დიდ ეკრანებზე ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში შეეძლებათ.
მთლიანობაში, ტურნირი 16 ულტრათანამედროვე სტადიონზე გაიმართება. „რუსთავი 2“ მაყურებელს მოუწოდებს, გახდნენ ამ ისტორიული საფეხბურთო პროცესის ნაწილი და ტრიბუნების ატმოსფერო ეკრანების საშუალებით შეიგრძნონ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.