მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ოფიციალურად დაიწყო. ლეგენდარულმა სტადიონმა „აცტეკამ“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს უმასპინძლა, რომელიც მუსიკალური ვარსკვლავების, კულტურული მრავალფეროვნებისა და გრანდიოზული შოუს ნაზავი იყო.
ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი კოლუმბიელი მომღერალი შაკირა გახდა, რომელმაც ნიგერიელ არტისტ ბერნა ბოისთან ერთად ჩემპიონატის ჰიმნი „Dai Dai“ შეასრულა. სტადიონზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივარი, რომლებიც ძირითადად მექსიკის ნაკრების მწვანე ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი, აქტიურად აჰყვა შესრულებას.
ცერემონიალი აცტეკების კულტურის პატივისცემით დაიწყო. სცენაზე მექსიკელმა შემსრულებელმა ლილა დაუნსმა მსოფლიოს მისასალმებელი სიტყვებით მიმართა. სტადიონის ორ დიდ ეკრანზე 40 წლის წინანდელი, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კადრები გაუშვეს, რითაც ორგანიზატორებმა ისტორიული კავშირი გაუსვეს ხაზს.
მუსიკალური პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: ვენესუელელმა დენი ოუშენმა, პოპ-ვარსკვლავმა ბელინდამ და ჯგუფმა „ლოს ანხელეს ასულესმა“ მაყურებელს ფერადი სანახაობა შესთავაზეს. პოპ-როკ ბენდ „მანას“ გამოსვლამ კი სტადიონზე ნამდვილი მუსიკალური ზეიმი შექმნა.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილი მსოფლიო ჩემპიონატის ელჩმა სალმა ჰაიეკ პინოტომ გახსნა. მან მოედანზე 48 ქვეყნის დროშების აღლუმი წარადგინა. ღონისძიება იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის გამოსვლით დაგვირგვინდა, რომელმაც ფიფას 2026 წლის ოფიციალური ჰიმნი „DNA“ შეასრულა.
საზეიმო განწყობის პარალელურად, მეხიკოს ქუჩებში გარკვეული დაძაბულობაც შეინიშნებოდა. „სოკალოს“ მოედანზე მოწყობილ ფან-ზონაში, სადაც მატჩის ტრანსლაცია დიდი ეკრანით იგეგმებოდა, გადატვირთულობის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესასვლელი ჩაკეტა. გულშემატკივართა ნაწილი ორგანიზაციის ნაკლებობით უკმაყოფილო იყო, რასაც ხალხმრავლობაში ხმაური მოჰყვა.
მიუხედავად მცირე ინციდენტებისა, ტურნირმა ოფიციალური სტარტი აიღო. წითელი და მწვანე კვამლის ფოიერვერკით აღინიშნა ის წუთები, როდესაც მასპინძელი მექსიკა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.