ორშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე, Apple თავის ტრადიციულ Worldwide Developers Conference-ს (WWDC 2026) გახსნის. წლევანდელი ღონისძიება სრულად არის ფოკუსირებული ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და Siri-ს ტრანსფორმაციაზე.
Siri ახალი შესაძლებლობებით
ყველაზე დიდი სიახლე Siri-ს რადიკალური განახლებაა. არსებული მონაცემებით, ის გარდაიქმნება უფრო კონვერსაციულ ასისტენტად, რომელიც უკეთ ხვდება კონტექსტს და შეუძლია რთული, მრავალსაფეხურიანი დავალებების შესრულება. აღსანიშნავია, რომ Apple ამ პროცესში Google-ის Gemini-ს ტექნოლოგიას გამოიყენებს.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, Apple ქმნის Siri-ს ცალკეულ აპლიკაციას, რომელიც პირდაპირ კონკურენციას გაუწევს ChatGPT-სა და Claude-ს. ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ავტომატურად მართოს ჩატების ისტორია და მათი წაშლის ვადები თავად განსაზღვროს.
AI აგენტები და ვიზუალური ინტელექტი
The Information-ის ცნობით, Apple App Store-ში AI აგენტების ინტეგრაციას გეგმავს. ეს სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ხელოვნურ ინტელექტს დელეგირება გაუკეთოს ისეთ საქმეებზე, როგორიცაა რესტორნების დაჯავშნა, დოკუმენტების რედაქტირება ან „ჭკვიანი სახლის“ მოწყობილობების მართვა.
კამერის აპლიკაციაში გამოჩნდება „ვიზუალური ინტელექტის“ (Visual Intelligence) განყოფილება. ის Google Image Search-ის ბაზაზე იმუშავებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, კამერის ობიექტივით ამოიცნოს გარშემო არსებული ობიექტები.
ფოტოები და შემოქმედებითი ინსტრუმენტები
- ფოტოების რედაქტირება: Apple Intelligence-ის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ფოტოებიდან ობიექტების ავტომატური წაშლა და ბუნებრივი ენის გამოყენებით რედაქტირების მოთხოვნა.
- Image Playground: აპლიკაცია მიიღებს უფრო მაღალი ხარისხის გენერაციას და რედაქტირების გაუმჯობესებულ კონტროლს.
- Genmoji: ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის მიერ გამოყენებული მედიისა და ტექსტის საფუძველზე შექმნის პერსონალიზებულ ემოჯიებს.
Wallet-ის განახლება
Wallet-ის აპლიკაციას დაემატება ხარჯების გაყოფის ფუნქცია. მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიღონ ქვითარი და ავტომატურად გაუგზავნონ გადახდის მოთხოვნა მეგობრებს. ასევე, „Create a Pass“ ფუნქციის საშუალებით, შესაძლებელი იქნება ფიზიკური ბილეთებისა თუ წევრობის ბარათების ციფრულ ვერსიებად გარდაქმნა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.