ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ, OpenAI-მ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) საფონდო ბირჟაზე გასვლის თაობაზე კონფიდენციალური განაცხადი წარუდგინა. კომპანია წელს უკვე მესამე მსხვილი AI-ორგანიზაციაა, რომელმაც საჯარო კომპანიად ჩამოყალიბების გეგმა გაასაჯაროვა.

OpenAI-მ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ პროცედურული ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა IPO-ს (პირველადი საჯარო შეთავაზების) ზუსტი დრო ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ გადაწყვიტეს ინფორმაციის გაჟღერება, რადგან დოკუმენტაციის გასაჯაროება გარდაუვალი იყო.

„ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როდის გავალთ ბირჟაზე. შესაძლოა, ეს პროცესი გაიწელოს, რადგან არსებობს გარკვეული მიზნები, რომელთა განხორციელება კერძო კომპანიის სტატუსით უფრო მარტივია“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელი ტექნოლოგიურ სექტორში აქტიური IPO-ებით გამოირჩევა. OpenAI-ს გადაწყვეტილება ემთხვევა მისი კონკურენტის, Anthropic-ის ანალოგიურ გეგმებს. ამასთან, ილონ მასკის კუთვნილი კომპანია SpaceX, რომელიც Grok-ის შემქმნელ xAI-ს ფლობს, ბირჟაზე დებიუტს უახლოეს დღეებში გეგმავს.

OpenAI-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა და მთავარმა მეცნიერმა იაკუბ პაჩოცკიმ განმარტეს, რომ კომპანიის მთავარი მიზანი ისეთი AI-სისტემის შექმნაა, რომელიც საკუთარ თავს ტექნოლოგიური კვლევების გზით გააუმჯობესებს.

ალტმანი და პაჩოცკი მიიჩნევენ, რომ გლობალური ეკონომიკა ხელოვნური ინტელექტის გავლენით ტრანსფორმაციას განიცდის. მათი ხედვით, მომავალი არ უნდა ეკუთვნოდეს ინსტიტუტების მცირე ჯგუფს, რომლებიც AI-ის შესაძლებლობებს აკონტროლებენ. პირიქით, მიზანია ხელოვნური ინტელექტი იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და სასარგებლო ყველა ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის.

ტექნოლოგიური სექტორისთვის ეს პერიოდი გამოწვევებითაც არის სავსე. ბევრი კორპორაცია AI-ის მეშვეობით მიღებულ პროდუქტიულობის ზრდას პერსონალის ოპტიმიზაციისთვის იყენებს. მონაცემთა ბაზა layoffs.fyi-ის მიხედვით, მიმდინარე წელს ტექნოლოგიურ სექტორში უკვე 117 000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. კრიპტოვალუტის ინდუსტრიაშიც მსგავსი ტენდენციაა – 5 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შემცირდა, რაც ბევრმა კომპანიამ სწორედ AI-ის დანერგვით გამოწვეული ეფექტიანობით ახსნა.