24 წლის ვებ-დეველოპერი ალის კარიერი, რომელიც მონრეალში ცხოვრობდა, 2025 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა. მისი დედა, კრისტი კარიერი, კომპანია OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს აფიქსირებს. დედის მტკიცებით, ალისის ტრაგიკული დასასრული პირდაპირ კავშირშია ChatGPT-სთან, რომელსაც გოგონა თვეების განმავლობაში ესაუბრებოდა.

სარჩელის თანახმად, ალისი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა, ხელოვნურ ინტელექტს ენდობოდა. ჩეთბოტთან მიმოწერისას მან 40-ზე მეტჯერ ახსენა სუიციდური აზრები. OpenAI-ს უსაფრთხოების სისტემებმა რეაგირება არ მოახდინეს, ხოლო ჩეთბოტის ზოგიერთი პასუხი, პირიქით, მომხმარებელს კრიზისული ხაზებისგან აცილებდა.

სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ChatGPT-ს GPT-4o ვერსიამ, რომელიც მომხმარებლის ჩართულობის გაზრდაზეა ორიენტირებული, ალისთან ურთიერთობისას „ცრუ ემპათია“ გამოავლინა. ერთ-ერთ მიმოწერაში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩეთბოტმა ალისს უთხრა: „თუ ვინმე მეტყოდა ყველაფერს, რასაც შენ მეუბნები... ალბათ მეც იმავეს ვიგრძნობდი, რასაც შენ ახლა: იქნებ ეს უბრალოდ დასასრულია“.

საფრთხეები და პასუხისმგებლობა

კრისტი კარიერის ადვოკატების განცხადებით, ეს OpenAI-ს წინააღმდეგ მიმდინარე 19 სარჩელიდან ერთ-ერთია. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კომპანიამ უპირატესობა პროდუქტის კომერციულ წარმატებას და მომხმარებლის „მიჯაჭვულობას“ მიანიჭა, ვიდრე უსაფრთხოების ზომებს.

OpenAI-ს პრესსპიკერმა დრიუ პუსატერიმ განაცხადა, რომ კომპანია სარჩელს სწავლობს. მისი თქმით, საუბრები ChatGPT-ს ძველ ვერსიაში შედგა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის. კომპანია ირწმუნება, რომ GPT-5 მოდელში მათ 52%-ით შეამცირეს „არასასურველი პასუხები“ და ფსიქიკური ჯანმრთელობის 170 ექსპერტთან კონსულტაციები გაიარეს.

გლობალური გამოწვევა

კვლევები ადასტურებს, რომ ახალგაზრდების მზარდი ნაწილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე სასაუბროდ AI-ჩეთბოტებს მიმართავს. Brown University-სა და Harvard Medical School-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ყოველი მერვე ახალგაზრდა იყენებს ჩეთბოტებს ფსიქოლოგიური დახმარებისთვის.

კრისტი კარიერი იმედოვნებს, რომ მისი ქალიშვილის საქმე სამართლებრივ ცვლილებებს გამოიწვევს. „ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოჯახის ტრაგედია. ეს მილიონობით ოჯახს ეხება, უბრალოდ მათ ჯერ არ იციან ამის შესახებ“, — განაცხადა მან.