ცნობილი ბრიტანელი მომღერალი Duffy 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სცენას უბრუნდება. მუსიკოსმა სოციალური ქსელის საშუალებით დააანონსა, რომ 5 ივლისს ლონდონში დახურულ, ინტიმურ ფორმატში კონცერტს გამართავს.
ეს იქნება მისი პირველი ცოცხალი გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან საზოგადოებას გაუმხილა, რომ წლების განმავლობაში მუსიკალური ინდუსტრიიდან გაქრობის მიზეზი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა და გატაცება გახდა.
Duffy-მ აღნიშნა, რომ კონცერტი მცირე მასშტაბისა იქნება და მასზე დასწრება მხოლოდ შერჩეულ მსმენელებს შეეძლებათ. „მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას, სადაც ახალ სიმღერებსაც შევასრულებ“, — წერს არტისტი „ინსტაგრამზე“.
წარმატება და მოულოდნელი გაქრობა
მომღერალმა პოპულარობა 2008 წელს, სადებიუტო ალბომით Rockferry მოიპოვა. ნამუშევარმა მას სამი BRIT Awards, „გრემი“ და Ivor Novello-ს ჯილდო მოუტანა. მისი სინგლი Mercy იმ დროისთვის მსოფლიო ჰიტად იქცა, ხოლო თავად ალბომი დიდი ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერი გახდა.
თუმცა, მეორე ალბომის გამოშვებისა და მესამეზე მუშაობის დაწყების შემდეგ, მომღერალი მოულოდნელად გაუჩინარდა, რამაც ფანები და მუსიკალური ინდუსტრია დააბნია.
ტრაგიკული ისტორია
მხოლოდ 2020 წელს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, Duffy-მ გულახდილად ისაუბრა საკუთარ ტკივილზე. მან აღწერა, თუ როგორ მოიტაცეს, დააძინეს ნარკოტიკული საშუალებებით და გადაიყვანეს სხვა ქვეყანაში, სადაც ის გააუპატიურეს.
მომღერლის თქმით, ეს საშინელი გამოცდილება მხოლოდ მაშინ დასრულდა, როდესაც მან მოძალადისგან გაქცევა შეძლო. აღსანიშნავია, რომ დამნაშავის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია. Duffy-მ აღიარა, რომ ამ მოვლენებმა ის სუიციდალურ მდგომარეობამდე მიიყვანა.
მომდევნო თვეებში, Disney+-ის დოკუმენტური ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში, არტისტი კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებს იმ პერიოდზე, რომელმაც მისი ცხოვრება და კარიერა რადიკალურად შეცვალა.
ბოლო პერიოდში Duffy-მ „ინსტაგრამზე“ ჩამწერი სტუდიიდან ფოტოებიც გააზიარა, რითაც მიანიშნა, რომ შემოქმედებით პროცესს დაუბრუნდა და სურს, თაყვანისმცემლებს ახალი მუსიკით დაუბრუნდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.