ჟიზელ პელიკო, ქალი, რომლის ისტორიამ მთელი მსოფლიო შეძრა, ამბობს, რომ ტრავმული წარსულის მიუხედავად, მან ცხოვრების გაგრძელება და ხელახლა სიყვარული შეძლო. 73 წლის პელიკო, რომელიც საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სექსუალური ძალადობის საქმის მთავარი ფიგურაა, ჰეი ფესტივალის (Hay Festival) მთავარი სტუმარი იყო.

მისი ყოფილი მეუღლე, დომინიკ პელიკო, ამჟამად 20-წლიან პატიმრობას იხდის. მან ჟიზელს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებებით აძინებდა და აუპატიურებდა, თანაც სხვებსაც აძლევდა უფლებას, სახლში შესულიყვნენ და მსგავსი დანაშაული ჩაედინათ. საქმეში სულ მცირე 70 მამაკაცია ბრალდებული.

სირცხვილი მოძალადეებს

ფესტივალზე გამოსვლისას პელიკომ მკაფიოდ აღნიშნა: სირცხვილი არა მსხვერპლს, არამედ მოძალადეებს უნდა ჰქონდეთ. მან ანონიმურობის დაცვის უფლებაზე უარის თქმით ფემინისტური მოძრაობის ახალი ტალღა გამოიწვია და საზოგადოებრივი დისკუსია გაამძაფრა.

„არ მეგონა, თუ ოდესმე ვინმეს ნდობას შევძლებდი. განსაკუთრებით ჩემს ასაკში“, — განაცხადა მან სცენაზე. თუმცა, ცხოვრებამ სხვა სცენარი შესთავაზა. მან გაიცნო ჟან-ლუპ აგოპიანი, მამაკაცი, რომელთანაც ახლა ურთიერთობა აქვს.

„ჩვენი გზები გადაიკვეთა. არ მინდოდა შეყვარება, მაგრამ ცხოვრებამ თავისი გადაწყვიტა. სიყვარული ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოვიდეს. მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ და მჯერა, რომ ეს ყველას შეუძლია“, — ამბობს პელიკო.

მომავლის იმედი და განათლება

ბარონესა ელენა კენედისთან ინტერვიუში, როდესაც მომავალზე ჰკითხეს, პელიკომ ოპტიმიზმი გამოხატა. მისი თქმით, ის მშვიდად უყურებს მომავალს და სჯერა, რომ მამაკაცები და ქალები ჰარმონიაში ცხოვრებას შეძლებენ. ამის გასაღებად კი ბავშვების ადრეული ასაკიდან სწორად აღზრდას მიიჩნევს.

„შესაძლოა, ბუნებით ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ კაცობრიობა მშვიდობისა და სიყვარულისკენ მიდის“, — დასძინა მან.

სცენაზე პელიკომ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თავისი ქალიშვილის, კაროლინ დარიანის მიმართ. დარიანი აქტიურად იბრძვის ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. დედამ ქალიშვილი სცენაზე გამოიწვია და აღნიშნა, რომ მისით უზომოდ ამაყობს.