ჰანა მარი, რომელიც მაყურებელმა სერიალებიდან Skins და Game of Thrones გაიცნო, დღეს საკუთარ წარსულს სრულიად სხვა თვალით უყურებს. 36 წლის მსახიობი აღიარებს, რომ სამსახიობო კარიერის დასრულებამ მას შვება მოუტანა. მისი თქმით, მუდმივი ყურადღება, გარეგნობაზე ზეწოლა და როლებისთვის ბრძოლა იმ დამღლელ ციკლს ჰგავდა, რამაც ის დაუცველ მდგომარეობამდე მიიყვანა.

კულტის ხაფანგი

27 წლის ასაკში მარი ე.წ. „ველნეს კულტის“ გავლენის ქვეშ მოექცა. ორგანიზაცია მას „განსაკუთრებულობის“ განცდასა და სულიერ სიმშვიდეს ჰპირდებოდა, თუმცა რეალურად ეს მანიპულაციური სტრუქტურა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებდა. მსახიობი იხსენებს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყოველთვის სიმბოლური ატრიბუტებით დადიოდა, რაც დღეს მას სასაცილოდ ეჩვენება, თუმცა მაშინ ეს მისთვის სერიოზულ დახმარებად ჩანდა.

სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ მსახიობმა ფსიქოზური ეპიზოდი განიცადა, რის გამოც ის ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს. მოგვიანებით ექიმებმა მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

გზა დაუცველობიდან კრიზისამდე

მსახიობის თქმით, კულტთან დაკავშირება ფილმ Detroit-ის გადაღებების დროს დაიწყო. ფილმში შესრულებულმა მძიმე და ტრავმულმა სცენებმა, სადაც მის პერსონაჟზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, მასზე დიდი კვალი დატოვა. „ყოველ გადაღებაზე გული მიჩქარდებოდა, მუცელში ტკივილს ვგრძნობდი, ადრენალინისგან ვკანკალებდი,“ – ყვება მარი.

სწორედ ამ დაუცველობის პერიოდში გაიცნო მან „ენერგეტიკული მკურნალი“, რომელმაც ის ორგანიზაციაში მიიყვანა. მარი აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის მიდრეკილი იყო ზედმეტად გულახდილობისკენ, რამაც მასზე მანიპულირება გააადვილა.

„ადვილია თქვა, რომ შენ არასდროს მოტყუვდებოდი, მაგრამ ეს არავისგანაა დაზღვეული. მე განათლებული ვიყავი, კარგი ოჯახიდან, მაგრამ მაინც დავუშვი საბედისწერო შეცდომები,“ - ამბობს მსახიობი.

ახალი ცხოვრება

დღეს ჰანა მარი აღარ მისდევს იოგას, არ კითხულობს ეზოთერულ ლიტერატურას და არც მედიტაციით კავდება. ის მიიჩნევს, რომ ველნეს ინდუსტრია ხშირად მოწყვლად ადამიანებს იყენებს და მათ „სწრაფ გამოსავალს“ სთავაზობს, რაც რეალურად არ არსებობს. მსახიობმა საკუთარი გამოცდილება ახალ წიგნში, The Make-Believe-ში აღწერა, სადაც ის ჰედონიზმისა და სულიერი პრაქტიკების მიღმა არსებულ სახიფათო რეალობას აშიშვლებს.