30 წლის მუსიკის მასწავლებელმა ლიან კეიმ, რომელიც ესექსში ცხოვრობს, შვებულებაზე უარი თქვა და ესპანეთიდან, მალაგადან, სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა. მიზეზი ბრიტანელი ვარსკვლავის, ედ შირანის მოულოდნელი კონცერტი იყო, რომლის შესახებაც კეიმ გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო.

კეი, რომელიც წარმოშობით სუფოლკიდანაა, იფსვიჩის სანაპიროზე 5 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად იყო მიწვეული. როგორც თავად იხსენებს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სცენას ედ შირანს გაუყოფდა.

„ეს დაუჯერებელი იყო. ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე მივხვდით, რომ რაღაც განსაკუთრებული მზადდებოდა, თუმცა დუეტის შესახებ დაზუსტებით არაფერი ვიცოდი“, — განაცხადა კეიმ. მან მგზავრობისას არაერთი სირთულე გამოიარა, მათ შორის რეისის დაგვიანება და უძილობა, თუმცა მიზანს მაინც მიაღწია.

ედ შირანმა იფსვიჩის მოულოდნელი კონცერტის შესახებ ინსტაგრამზე წინა საღამოს დააანონსა. აშშ-ში ცხრა თვის გატარების შემდეგ, მომღერალი მშობლიურ მხარეში დაბრუნებით ბედნიერი იყო. ასობით ფანი დილით ადრე შეიკრიბა, რათა საკუთარი კერპი ენახათ.

ლიან კეი იხსენებს მომენტს, როდესაც აეროპორტში რეისის მოლოდინში მეგობარმა სოციალურ ქსელში შირანის პოსტის სკრინშოტი გამოუგზავნა: „მაშინ ყველაფერი ნათელი გახდა. მივხვდი, რომ მარტო არ ვიქნებოდი“.

აღსანიშნავია, რომ შირანმა კარიერა სწორედ იფსვიჩის ქუჩებში, ქუჩის მუსიკოსობით დაიწყო. ლიან კეისთვის, რომელიც გასულ წელს კოლჩესტერის ციხესიმაგრეში სერ ტომ ჯოუნსის კონცერტზე გამოდიოდა, შირანთან ერთად სიმღერა „მეგობართან ერთად მუსიკალური იმპროვიზაციას“ ჰგავდა.

„მე მიყვარს ჩემი საქმიანობა. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მასწავლებლობა და პარალელურად საკუთარი მუსიკის გაზიარება“, — დასძინა კეიმ. ღონისძიების ორგანიზატორების მიზანი კი დამწყები არტისტების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია იყო.