მოდელი ჯენიფერ ანი, რომელიც „America's Next Top Model“-ის ყოფილი მონაწილეა, რეპერ კანიე უესტს (ცნობილი როგორც Ye) სასამართლოში უჩივის. ანი აცხადებს, რომ 2010 წელს, მუსიკალური კლიპის გადაღებებისას, რეპერმა მასზე ფიზიკურად იძალადა.

BBC-ის პოდკასტთან საუბარში ანიმ გაიხსენა, რომ გადაღების პროცესში უესტმა მოულოდნელად კისერში ხელები წაუჭირა და პირში თითები ჩაუდო. მოდელის თქმით, ეს ქმედება ორალური სექსის იმიტაციას ჰგავდა.

ინციდენტი ნიუ-იორკში, „ჩელსის“ სასტუმროში მოხდა. ანი მაშინ 24 წლის იყო და La Roux-ის სიმღერის, „In For The Kill“-ის კლიპში მონაწილეობდა. მოდელის თქმით, მას წინასწარ არ უთქვამთ, რომ გადაღებებზე უესტი მივიდოდა.

„უცებ ხელები გამომიწოდა და ჩემი დახრჩობა დაიწყო. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. შემდეგ ორივე ხელით მომიჭირა, სახეზე მაკიაჟი წამიხვია და თითები პირში ჩამიდო“, — იხსენებს ანი.

მოდელი დასძენს, რომ გადასაღებ მოედანზე მყოფი ეკიპაჟის წევრები არ ჩარეულან და მომხდარს გაყინულები უყურებდნენ. ანიმ აღნიშნა, რომ თავს შეშინებულად გრძნობდა, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

რეპერის იურიდიული გუნდი მომხდარის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა აცხადებენ, რომ ეს „ინტენსიური და პროვოკაციული თეატრალური წარმოდგენის“ ნაწილი იყო. ადვოკატების მტკიცებით, უესტი ფილმ „ამერიკელი ფსიქოპატის“ სცენის რეპროდუცირებას ცდილობდა.

საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილია მოდელსა და La Roux-ს (ელი ჯექსონს) შორის 2024 წელს გაცვლილი შეტყობინებები. მომღერალი ადასტურებს, რომ ინციდენტი ახსოვს და მას „საშინელს“ უწოდებს.

ჯენიფერ ანიმ სარჩელი ნიუ-იორკის სქესობრივი ნიშნით ძალადობის საწინააღმდეგო კანონის საფუძველზე შეიტანა. უესტის ადვოკატებმა სარჩელის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს და განაცხადეს, რომ რეპერის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია მოქცეული.