პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი და უფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი გორში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს ეხმაურება. საუბარია პოლიციელების მიერ ორი ახალგაზრდა კაცის ცემის ფაქტზე, რომელმაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
ნაცვლიშვილის განცხადებით, სისტემა დაზარალებულებზე ზეწოლას აგრძელებს. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც პოლიციელების მხრიდან სისასტიკე განიცადა, სამართლებრივი ბერკეტებით ემუქრებიან.
ზეწოლა ბრალდებულის სტატუსით
უფლებადამცველი ხაზს უსმევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ბრალდებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ნაცვლიშვილი ამას პირდაპირ გზავნილად მიიჩნევს, რომლის მიზანიც ახალგაზრდის გაჩუმებაა.
„ადამიანზე, რომელზეც სისტემამ ასე სასტიკად იძალადა, ახლაც მიმდინარეობს ზეწოლა. ეს არის პირდაპირი გზავნილი მისთვის, რომ გაჩუმდეს. ცდილობენ, იმ სისასტიკეს, რაც ჩვენ ვნახეთ, სხვა სახელი დაარქვან“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ხელისუფლების მხრიდან ახალი არ არის. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც „ქართული ოცნების“ რეაგირება მხოლოდ ფორმალური იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილება
ცნობილია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაშინ როცა დაცვის მხარე მათი გათავისუფლების შუამდგომლობით გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ სხდომას თავად ბრალდებული პოლიციელები არ დასწრებიან – მათ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.
ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების მწვავე რეაქციის ფონზე, ხელისუფლება ცდილობს „ჯოხი ერთ-ორ ადამიანზე გადატეხოს“ და საქმეს არასათანადო კვალიფიკაცია მიანიჭოს, რაც, მისი თქმით, დაზარალებულების მიმართ დაცინვის ტოლფასია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.