Paddington: The Musical ბროდვეის სცენაზე დებიუტისთვის ემზადება. ნიუ-იორკის Al Hirschfeld Theatre-ში პრემიერა 2027 წლის 30 მარტს გაიმართება. ინფორმაციას ATG Entertainment-ი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ პარალელურად, შოუ წარმატებით გაგრძელდება ლონდონის ვესტ-ენდშიც.
მიუზიკლი დაფუძნებულია მწერალ მაიკლ ბონდის საკულტო წიგნებზე. სიუჟეტი მოგვითხრობს პატარა, პერუელი დათუნიას შესახებ, რომელიც ლონდონში ჩამოდის და მას ბრაუნების ოჯახი იშვილებს. სწორედ პადინგტონის სადგურზე აღმოჩენამ განაპირობა პერსონაჟის სახელი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება McFly-ის წევრს, ტომ ფლეტჩერს ეკუთვნის. ავტორის თქმით, ეს პროექტი მისი კარიერის ყველაზე მასშტაბური თავგადასავალია. „ლონდონელი მაყურებლის რეაქცია ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დიდი პატივია, ნიუ-იორკის აუდიტორიას გავუზიაროთ პადინგტონის სამყარო“, — აცხადებს ფლეტჩერი.
მიუზიკლის სცენარისტი, ჯესიკა სვეილი, ბროდვეის ამ ისტორიისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევს. „ნიუ-იორკი არის ქალაქი, რომელიც თეატრით, ისტორიებითა და ფანტაზიით სუნთქავს. ეს არის საუკეთესო ადგილი ასეთი გულწრფელი და ენერგიული ამბის საზეიმოდ“, — აღნიშნავს სვეილი.
შოუს წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ლონდონის Savoy Theatre-ში გამართული სეზონის განმავლობაში შვიდი ოლივიეს ჯილდო მოიპოვა. ამ შედეგით მიუზიკლმა გაიმეორა რეკორდი, როგორც ყველაზე ტიტულოვანმა დადგმამ თეატრალურ ისტორიაში.
სცენაზე პადინგტონის გაცოცხლება რთული ტექნიკური პროცესია. დათუნიას თოჯინას ერთდროულად ორი ადამიანი მართავს: ჯეიმს ჰამიდი, რომელიც დისტანციურად აკონტროლებს მიმიკასა და ხმას, და არტი შაჰი, რომელიც პერსონაჟის მოძრაობებს სცენაზე განასახიერებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.