ევროკავშირი აშშ-ს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების გაძლიერებას გეგმავს. საუბარი ეხება ყველაზე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც კიბერშეტევების განხორციელების პოტენციური შესაძლებლობები გააჩნიათ.

ამ ინიციატივის მთავარი მიზეზი Anthropic-ის მიერ აპრილში წარდგენილი მოდელი, Mythos-ია. ტექნოლოგიამ, რომელიც უპრეცედენტო შესაძლებლობებს ფლობს, მსოფლიო მთავრობებსა და ბიზნესსექტორში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. არსებობს შიში, რომ მსგავსი ხელსაწყოები შესაძლოა კიბერდანაშაულისთვის გამოიყენონ.

პოლიტიკური დაპირისპირება და წვდომის შეზღუდვა

Wall Street Journal-ის ცნობით, თეთრი სახლი აქტიურად ეწინააღმდეგება Mythos-ზე წვდომის გაფართოებას. Anthropic-მა წინადადება წარადგინა, რომ მოდელით დაახლოებით 70-მდე დამატებითი კომპანია და ორგანიზაცია ესარგებლა, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამაზე უარი განაცხადეს.

ამჟამად მოდელი მხოლოდ შეზღუდულ ჯგუფს მიეწოდება, კერძოდ, Project Glasswing-ის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის ოფისს, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების ინსტიტუტისგან განსხვავებით, მოდელზე წვდომა ჯერ არ მიუღია.

რა პოზიცია აქვს ევროკავშირს?

ევროკომისიის სპიკერმა, ტომას რენიემ განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოება საერთო პრიორიტეტია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ სფეროში არსებული სტანდარტები ურთიერთაღიარებული უნდა იყოს.

"პარალელურად, ჩვენ ვაფართოებთ ტექნიკურ დისკუსიებს Anthropic-თან და სხვა დეველოპერებთან, რომლებმაც თავიანთი უახლესი მოდელები უკვე დაარეგისტრირეს AI ოფისში," - აღნიშნა რენიემ.

კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, Anthropic-მა ევროკავშირს განუცხადა, რომ Mythos-ის გამოყენების ნებართვა პირველ რიგში აშშ-ს ადმინისტრაციამ უნდა გასცეს. კომპანიის განმარტებით, თეთრი სახლი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან თანამშრომლობას, თუმცა ზოგადად უარს ამბობს მოდელის გაზიარებაზე არასაამერიკული მთავრობებისთვის.

გლობალური რბოლა და უსაფრთხოების ბალანსი

აშშ-ს ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებთან. მთავარი მიზანი ინოვაციებსა და უსაფრთხოებას შორის ოპტიმალური ბალანსის დაცვაა. ბესენტის თქმით, აშშ-ს სურს შეინარჩუნოს ლიდერობა გლობალურ AI რბოლაში, სადაც ჩინეთი მეორე პოზიციაზეა.

Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ მანამდე გააფრთხილა, რომ არსებობს 6-დან 12-თვიანი "ფანჯარა", რათა Mythos-ის მიერ აღმოჩენილი ათასობით პროგრამული დაუცველობა გამოსწორდეს, ვიდრე ჩინური AI ტექნოლოგიები დაეწევა.