Abercrombie & Fitch-ის ბრენდი Hollister-ი საკუთარი საქმიანობის არეალს ფართოვებს. კომპანიამ Target-თან პარტნიორობა დააანონსა, რომლის ფარგლებშიც პირველად გაყიდვაში გამოჩნდება სახლისა და საერთო საცხოვრებლის (dorm) დეკორატიული ნივთები.

„The Hollister Collection at Target“ 28 ივნისიდან გახდება ხელმისაწვდომი. კოლექცია მომხმარებელს შესთავაზებს დაახლოებით 60-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის მამაკაცისა და ქალის ტანსაცმელსა და საწოლის თეთრეულს.

რატომ გადაწყვიტეს ბრენდებმა თანამშრომლობა?

გადაწყვეტილება დროში ემთხვევა მომხმარებელთა ხარჯვის შემცირებას და ეკონომიკურ გაურკვევლობას. ორივე კომპანია ცდილობს, კრეატიული გზებით მიიზიდოს მყიდველი და გაზარდოს გაყიდვები.

Hollister-ისთვის, რომელიც ძირითადად 13-დან 22 წლამდე ასაკის მომხმარებელზეა ორიენტირებული, ეს ნაბიჯი „ლაიფსტაილ“ ბრენდად გარდაქმნის მცდელობაა. კომპანიის მთავარი პროდუქტის ოფიცრის, კორი რობინსონის განცხადებით, Target-ის ფიზიკური მაღაზიების ქსელი საშუალებას მისცემს ბრენდს, ახალ აუდიტორიას მიწვდეს.

„ჩვენი სამიზნე ასაკისთვის საერთო საცხოვრებლის მოწყობა პრიორიტეტულია. სეზონურობიდან გამომდინარე, არსებობს მრავალი გზა, რომ განაახლო შენი ოთახი და დაამატო სიახლეები,“ — აღნიშნა კორი რობინსონმა.

სტუდენტური ბაზრის პოტენციალი

ამ პარტნიორობის მთავარი სამიზნე „უკან კოლეჯში“ (back-to-college) სავაჭრო სეზონია. გასულ წელს ამ სექტორმა 88.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ ერთმა სტუდენტმა ან მისმა ოჯახმა 1 325 დოლარი დახარჯა.

საცხოვრებელი ფართის მოსაწყობად განკუთვნილი ნივთების ბაზარი სტაბილურად იზრდება. 2025 წელს ამ სეგმენტმა 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან მიმართულებად აქცევს ელექტრონიკის შემდეგ.

პარტნიორობის დეტალები

დიზაინზე ორივე კომპანია ერთობლივად მუშაობს, თუმცა წარმოების პროცესს სრულად Target-ი უზრუნველყოფს, რომელსაც ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. კოლაბორაცია მინიმუმ მომავალი წლის ბოლომდე გასტანს და მოიცავს შემოდგომის, ზამთრისა და 2027 წლის გაზაფხულის სეზონებს.

Target-ი მსგავსი თანამშრომლობებით აქტიურად ცდილობს კონკურენტებისგან, მათ შორის Walmart-ისგან, გამორჩეული გახდეს. კომპანია ხშირად აერთიანებს პოპულარულ ბრენდებს საკუთარ პლატფორმაზე, რათა მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.