ბოლო პერიოდში ევროპის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპა ამერიკასთან შედარებით აშკარად ჩამორჩება, თუმცა ნობელიანტი ეკონომისტი პოლ კრუგმანი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

კრუგმანის თქმით, პრობლემა ევროპის ეკონომიკაში კი არა, არამედ „პროდუქტიულობის“ არასწორ გაზომვაშია. ეკონომიკური ზრდის შეფასებისას ხშირად იყენებენ ისეთ ინდიკატორებს, რომლებიც სრულ სურათს არ იძლევა.

აშშ-სა და ევროპის პარადოქსი

როდესაც ეკონომისტები ევროპის „კონკურენტუნარიანობის კარგვაზე“ საუბრობენ, ისინი ძირითადად მშპ-ს ზრდასა და პროდუქტიულობის მაჩვენებლებს ეყრდნობიან. თუმცა, არსებობს „აშშ-ევროპის პარადოქსი“: ევროპაში ზრდის ტემპი ნელა ფიქსირდება, მაგრამ ამერიკასთან უფსკრული რეალურად არ იზრდება.

როგორც გრაფიკები აჩვენებს, თუ შედარებას მუდმივ ფასებში მოვახდენთ, ევროპა თითქოს ჩამორჩება. თუმცა, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით, ევროპა ამერიკასთან მიმართებაში პოზიციებს ინარჩუნებს.

ტექნოლოგიური სექტორის გავლენა

რატომ ჩანს სტატისტიკურად, რომ აშშ-ის პროდუქტიულობა უფრო სწრაფად იზრდება? პასუხი ტექნოლოგიურ სექტორშია. ჩიკაგოს ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევის თანახმად, აშშ-ის პროდუქტიულობის ზრდის თითქმის ნახევარი IT სექტორზე მოდის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 8%-ს შეადგენს.

ამ სექტორში მიღწეული პროგრესი არ ნიშნავს მხოლოდ IT კომპანიების გამდიდრებას. კონკურენციის შედეგად, ტექნოლოგიური პროგრესის სარგებელი დაბალი ფასების სახით მთელ ეკონომიკაზე ნაწილდება. ამერიკა დომინირებს იმ სექტორებში, სადაც პროდუქტიულობა სწრაფად იზრდება, მაგრამ თავად პროდუქტი იაფდება.

შედეგად, ევროპის პროდუქტიულობა, გაზომილი რეალური ღირებულებით, სტაბილური რჩება. ევროპელებს აქვთ მეტი თავისუფალი დრო, ხარისხიანი სოციალური სერვისები და ჯანდაცვა, რაც მათი ცხოვრების დონის განუყოფელი ნაწილია.