OpenAI-მ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია სტარტაპ Ona-ს შეძენის შესახებ. ეს კომპანია სპეციალიზდება უსაფრთხო, წინასწარ კონფიგურირებულ ღრუბლოვან გარემოებზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის აგენტებს სისტემებსა და ხელსაწყოებთან წვდომა აქვთ.
გარიგების ფინანსური დეტალები მხარეებს არ გაუსაჯაროებიათ. ცნობილია, რომ Ona-ს გუნდი სრულად შეუერთდება OpenAI-ს და Codex-ის განვითარებაზე იმუშავებს.
Ona-ს ტექნოლოგია Codex-ს საშუალებას მისცემს, აიღოს პასუხისმგებლობა უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ დავალებებზე. გარდა ამისა, ინტეგრაცია დაეხმარება ორგანიზაციებს, უფრო მარტივად დანერგონ AI აგენტები, რომლებიც მომხმარებლის ნაცვლად ავტომატიზებულ სამუშაოებს ასრულებენ.
Ona-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჰანეს ლანდგრაფმა, LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ კომპანიის გაყიდვა მათთვის არა დასასრული, არამედ საქმიანობის ახალ, უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადასვლაა.
კონკურენცია ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე
OpenAI ამჟამად აქტიურად ცდილობს შეინარჩუნოს ლიდერობა Anthropic-თან კონკურენციაში. Anthropic-მა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა თავისი კოდირების ასისტენტის, Claude Code-ის პოპულარობის ზრდით.
OpenAI-ის მონაცემებით, Codex-ს ამჟამად კვირაში 5 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რაც აპრილის მაჩვენებელთან (3 მილიონი) შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ OpenAI-მ ცოტა ხნის წინ კონფიდენციალურად წარადგინა თავისი პროსპექტი აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიასთან, რაც ბაზარზე კომპანიის სავარაუდო გასვლის პროცესებს მიანიშნებს.
სტრატეგიული შესყიდვები
Ona-ს შეძენა OpenAI-ის ბოლო თვეების სტრატეგიის ნაწილია. კომპანიამ მანამდე შეიძინა კიბერუსაფრთხოების სტარტაპი Promptfoo და ჯანდაცვის ტექნოლოგიური სტარტაპი Torch. ასევე, გასულ წელს OpenAI-მ შეისყიდა Software Applications, რომელიც Mac-ის მომხმარებლებისთვის Sky-ს ინტერფეისს ამუშავებდა.
სექტორში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჯონი აივსის AI მოწყობილობების სტარტაპის, io-ს შეძენამ, რომელიც 6 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.