თანამედროვე სამყაროში ფოკუსირების პრობლემა ბევრისთვის ნაცნობია. გამოსავალი კი ხშირად მცირე, ტაქტილური სათამაშოებია, რომლებიც ხელს უწყობენ ემოციების რეგულირებას ან კონცენტრაციას. სწორედ ამ ნიშაზე ააშენეს საკუთარი წარმატება ვიქტორია ბაუმანმა და მისმა მამამ, ჩარლი მორეტონმა.
მათი კომპანია, Victoria Essie Studio, ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარეობს და 3D პრინტერებით დამზადებულ ფიჯეტ-სათამაშოებს აწარმოებს. გასულ წელს სტუდიამ 428 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
32 წლის ვიქტორიამ ბიზნესი ჯერ კიდევ 2018 წელს, მასწავლებლად მუშაობის პარალელურად დაიწყო. თავდაპირველად ეს მხოლოდ ხელნაკეთი სამკაულების გაყიდვას გულისხმობდა. 2025 წელს კი პროცესში მამამისი, ჩარლი მორეტონი ჩაერთო, რომელმაც 3D ბეჭდვის ტექნოლოგია დანერგა.
ტრენდი, რომელიც მოთხოვნადია
ფიჯეტ-სათამაშოები, რომლებიც ვიქტორიას და ჩარლის შემოქმედების ნაწილია, მექანიკური კლავიატურის მსგავსი ხმითა და შეგრძნებით გამოირჩევა. ეს ინსტრუმენტები განსაკუთრებით ეფექტურია შფოთვის, ADHD-ისა (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) და აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის.
წარმოების პროცესი საკმაოდ შრომატევადია. წყვილი ერთობლივად არჩევს დიზაინს, ფერებს და ბეჭდვის პროცესს. 30-მდე პრინტერით აღჭურვილი საწარმო თვეში საშუალოდ 1 500 შეკვეთას ამუშავებს. ფასები მერყეობს 5-დან 125 დოლარამდე, რაც დამოკიდებულია სათამაშოს სირთულესა და ზომაზე.
მასწავლებლობიდან მეწარმეობამდე
ვიქტორია ბაუმანი აღიარებს, რომ პედაგოგად მუშაობა ძალიან უყვარდა, თუმცა სისტემურმა გადაღლამ და დაბალმა ანაზღაურებამ ის სხვა გზის ძიებისკენ უბიძგა. 2019 წელს მან სკოლა დატოვა და გარკვეული პერიოდი ნაყინის მაღაზიაშიც კი მუშაობდა, სანამ ბიზნესი სრულფასოვან საქმიანობად იქცეოდა.
"მე მეგონა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მასწავლებელი ვიქნებოდი, თუმცა დღეს ბევრად უფრო ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის სუფთა ჰაერივითაა," - ამბობს ვიქტორია.
საინტერესოა, რომ კომპანიას არასდროს აუღია საბანკო სესხი. მთელი მოგება ბიზნესშივე რეინვესტირდება, რაც მამა-შვილს საშუალებას აძლევს, სტაბილურად განვითარდნენ და საკუთარი თავი დააზღვიონ ფინანსური რისკებისგან.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.