კვების ინდუსტრიის გიგანტმა Yum Brands-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Pizza Hut-ის ბიზნესს კერძო საინვესტიციო ფონდს, LongRange Capital-ს ყიდის. გარიგების ღირებულებამ 2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეს ნაბიჯი წერტილს უსვამს Pizza Hut-ის ხანგრძლივ კავშირს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Taco Bell და KFC. კომპანიამ ჯერ კიდევ ნოემბერში გამოაცხადა, რომ ბრენდის მომავალთან დაკავშირებით სტრატეგიულ ალტერნატივებს განიხილავდა.
რატომ დასჭირდა Pizza Hut-ს გაყიდვა?
Pizza Hut-ი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულ ფინანსურ გამოწვევებს აწყდებოდა. აშშ-ის ბაზარზე ბრენდმა ვერ მოახერხა ეფექტიანად ადაპტირება თანამედროვე მოთხოვნებთან. მაშინ, როდესაც კონკურენტებმა, განსაკუთრებით Domino’s Pizza-მ, სწრაფი მიტანის სერვისები და ციფრული ტექნოლოგიები დახვეწეს, Pizza Hut-ი ტრადიციულ, ადგილზე მომსახურების ფორმატზე იყო ჩაციკლული.
გარდა ამისა, მიტანის სერვისის აპლიკაციებმა, როგორიცაა DoorDash, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი წაართვეს ქსელს. შედეგად, Pizza Hut-მა 2017 წელს მსოფლიოს უმსხვილესი პიცერიის სტატუსი სწორედ Domino’s-ს დაუთმო.
ბრენდის ისტორიული კონტექსტი
Pizza Hut 1958 წელს კანზასის შტატში, ძმებმა დენ და ფრენკ კარნეებმა დააარსეს. ბიზნესი სწრაფად გაფართოვდა და უკვე 1969 წელს კომპანია საჯარო გახდა. 1977 წელს ბრენდი სასმელების გიგანტმა, PepsiCo-მ შეიძინა, რაც კორპორაციისთვის რესტორნების ბიზნესში შესვლის პირველი მცდელობა იყო.
მოგვიანებით, 1997 წელს, PepsiCo-მ თავისი რესტორნების დანაყოფი გამოყო და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ჰოლდინგი Tricon Global Restaurants, რომელიც მოგვიანებით Yum Brands-ად გადაკეთდა. ახალი გარიგებით, Pizza Hut-ი ოფიციალურად ტოვებს Yum-ის პორტფელს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.