26 მაისი საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირებულებების ერთგულების მთავარი სიმბოლოა. წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული მასშტაბით აღნიშნა, ხოლო ღონისძიებების მთავარ კონცეფციად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე იქცა.

სამხედრო ფიცი და საზეიმო ცერემონიები

თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ მთავარ ცერემონიაზე 600-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცი უმაღლესმა მთავარსარდალმა და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩაიბარეს. ღონისძიება პარალელურ რეჟიმში 12 ისტორიულ ადგილს მოიცავდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული საქართველოს იდეას და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა ისეთი სუვერენულია, როგორც არასდროს. პირველად დამოუკიდებლობის დღის ისტორიაში, საზეიმო ტრიბუნა დაიკავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიომ, რომელმაც ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრა.

ტექნიკა და რეგიონული ღონისძიებები

საქართველოს თავდაცვის ძალების არსენალში არსებული შეიარაღება, მათ შორის საავიაციო, საარტილერიო და საინჟინრო სისტემები, ასევე „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ ტიპის ჯავშანმანქანები, თბილისის გარდა, ქვეყნის 20 ქალაქში იყო გამოფენილი. საზეიმო განწყობა მოიცვა ბათუმი, ქუთაისი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი და ფოთი.

სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონებში გამართულ ღონისძიებებში. პრემიერ-მინისტრი ესტუმრა გორს, ოზურგეთსა და ფოთს, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, ახლოდან გაეცნოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ტექნიკა.

საერთაშორისო გამოხმაურება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც აღინიშნა. ტრადიციულად, არაერთი ისტორიული შენობა და ნაგებობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა. თავის მილოცვაში აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.

ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, პრეზიდენტის სასახლის ეზოში ეროვნული ჰიმნი შესრულდა. ეს დღე კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ დამოუკიდებლობის მონაპოვარის შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თავად მისი მოპოვება.