მიანმარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შანის შტატში მდებარე სოფელ კაუნგ ტატში, ასაფეთქებელი მასალების საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიისა და მეამბოხე დაჯგუფებების ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათეულობითაა. მედიასაშუალება The Irrawaddy-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის სულ მცირე ექვსი ბავშვია, დაშავებულთა რაოდენობა კი 70-ს აჭარბებს. თავის მხრივ, სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტო Shwe Phee Myay-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა საერთო რიცხვი 55-ს შეადგენს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლის უზარმაზარი სვეტი, რასაც მეორადი აფეთქებები მოჰყვა. შემთხვევის შედეგად სრულად განადგურდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ნაგებობა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქება მოხდა ტაანგის ეროვნული განმათავისუფლებელი არმიის (TNLA) კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს დაჯგუფება მიანმარში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეამბოხე ძალაა, რომელიც ათწლეულებია ცენტრალური ხელისუფლებისგან ავტონომიის გაფართოებისთვის იბრძვის.
TNLA-მ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა, რომ საწყობში დაცული მასალა სამთო-მომპოვებელი სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ რეგიონი ცნობილია ლალის საბადოებით. დაჯგუფების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება აფეთქების ზუსტი მიზეზების დასადგენად და პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.