4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებებს სთავაზობს. ახალი პირობით, ბრალდებულებს, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ, პატიმრობის ნაცვლად 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაუწესდებათ. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების გაფორმებისთანავე ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
საქმეში, რომელსაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს, 15 ბრალდებულია გაერთიანებული. პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, უწყება მზადაა მოუსმინოს ყველას, ვინც ჩადენილ ქმედებას აღიარებს. ამ დროისთვის შეთავაზებას 8 ბრალდებული დათანხმდა, მათ შორის ალექსანდრე გოგოლაძე და ევა შაშიაშვილი.
შეთანხმებაზე უარს აცხადებს 7 პირი, მათ შორის დავით სტურუა და კახაბერ მჟავანაძე. მათი თქმით, ეს პროცესი „ტყუილზე ხელის მოწერას“ ნიშნავს. ზაქრო ალბუთაშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა და აქციაზე სამშვიდობო მისიას ასრულებდა.
ადვოკატების შეფასებით, პროკურატურის პოზიციის დარბილება პატიმრობისგან თავის დაღწევის რეალური გზაა. ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაშია, იძულებული გახდა შეთანხმებაზე დათანხმებულიყო, რადგან სასამართლოსგან სამართლიანი განაჩენის მოლოდინი არ ჰქონდათ.
პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას „უკან დახევის“ შესახებ და ამას მხოლოდ „შეღავათს“ უწოდებს. მათი მტკიცებით, საქმე უკვე დასრულებულია და აღიარება ინანიების ნიშანია.
4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 65 ადამიანია ბრალდებული. მათ სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებასა და ჯგუფურ ძალადობაში ედავებიან. საქმე ხუთ ჯგუფად არის გაყოფილი და პროცესები პარალელურად მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ საპროცესო შეთანხმებების გაფორმება მომავალი კვირის ბოლომდე დასრულდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.