პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი სამართალდამცავებთან თანამშრომლობს. მისი თქმით, ბრალდებულთა თითქმის ნახევარი დანაშაულს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს.
„ეს ადამიანები არამხოლოდ ადასტურებენ, რომ ძალადობრივ აქციებსა და ქმედებებში მონაწილეობდნენ, არამედ ჩადენილს ინანიებენ კიდეც“, - განაცხადა გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მისამართით
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლელი პოლიტიკოსების პოზიცია, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. გორდულაძის მტკიცებით, საერთაშორისო აქტორების მოწოდებები სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას პროტესტის უფლებად ნათლავს.
„ქალბატონი მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მაშინ გამოეხმაურა, როდესაც ქვეყანაში 37 სამართალდამცველი დაშავდა და სახელმწიფო უწყებებში შეჭრის მცდელობა იყო. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი, ეს იყო მცდელობა, ძალაუფლება უკანონოდ ჩაეგდოთ ხელში“, - აღნიშნა დეპუტატმა.
საპროცესო შეთანხმებები და ფაქტები
გორდულაძის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს დაახლოებით 22 პირი, რომლებიც აღიარებენ ორგანიზებულ ძალადობრივ ქმედებებში ჩართულობას. მისი თქმით, არსებობს კონტრასტი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსა და რეალურ ფაქტებს შორის.
„ევროპის სახალხო პარტია, პეტერ ფიშერი, დევიდ მაკალისტერი და სხვები მოგვიწოდებენ, დაუყოვნებლივ გავათავისუფლოთ დაკავებულები, რომლებსაც ისინი თვითნებურად დაპატიმრებულებად მოიხსენიებენ. თუმცა, რეალობა ისაა, რომ თავად ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მზად არიან საპროცესო შეთანხმებისთვის“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა სწორად შეაფასონ არსებული მტკიცებულებები და აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც გამოძიების პროცესში დაგროვდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.