სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ 23 ნოემბერს ბოდბეში ქადაგებისას საქართველოში სუროგაციის აკრძალვის ინიციატივა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია „არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ეკლესია მიესალმება ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ინიციატივას, რომელიც, მისი თქმით, ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ეფუძნება.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, — განაცხადა შიო მესამემ.

შიო მესამემ აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას წინ უძღოდა ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის გამართული კონსულტაციები, სადაც მხარეებმა სხვადასხვა პრობლემური საკითხები განიხილეს. პატრიარქის თქმით, მას გული შესტკივა ქვეყანაში ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების დანერგვაზე.

„ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ, წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ“, — მიმართა პატრიარქმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ სუროგაციის აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივით „ქართული ოცნება“ გამოვიდა. საკითხი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში კვლავ აქტუალურად რჩება.