ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა. Reuters-ის ინფორმაციით, შეზღუდვები როგორც ცალკეულ პირებს, ისე ციფრული აქტივების სავაჭრო პლატფორმებს შეეხო.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, სანქციების სიაში მოხვდა ოთხი ირანელი მოქალაქე. მათთან ერთად, შეზღუდვები დაუწესდა კრიპტოვალუტის ოთხ ბირჟას: Nobitex-ს, Bitpin-ს, Ramzinex-სა და Wallex-ს.
ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ირანის ფინანსური ქსელების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ზომად აფასებს. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერ უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტსა თუ ფიზიკურ პირზე, რომლებიც ამ პლატფორმებთან ტრანზაქციებს განახორციელებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საყურადღებოა იმ ფონზე, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მაისის მიწურულს, აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განსხვავებული მოლოდინები გააჟღერა. ბესენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, მოვლენების განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ არსებული ზოგიერთი შეზღუდვა გადახედოს ან გააუქმოს.
ამ ეტაპზე ვაშინგტონი კვლავ აგრძელებს ირანის ფინანსური ნაკადების მონიტორინგს და სანქციების მექანიზმს იყენებს იმ პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებიც, ამერიკული მხარის შეფასებით, საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ირანული გავლენის გაძლიერებას უწყობს ხელს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.