ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახალი სამუშაო სივრცის მოსაწყობად ემზადება. უწყებამ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ოფისის მოწყობისთვის 949 ათას 865 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოები სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N94/96-ში მდებარე კორპუსში განხორციელდება. პროექტის მიხედვით, აღნიშნული სივრცე მუნიციპალური ინსპექციის საჭიროებებს მოერგება. საპროექტო დოკუმენტაციისთვის, რომელიც ტენდერს თან ახლავს, უწყებამ ცალკე 16 ათას 250 ლარი უკვე გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც ინსპექცია ახალ ოფისს იწყობს, ბათუმის მერია ავარიული სახლების დემონტაჟისა და ახალი, 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. ამ მასშტაბური პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 21 მილიონ 550 ათას 123 ლარია გამოყოფილი.

მიუხედავად იმისა, რომ კორპუსის მშენებლობა ამჟამადაც აქტიურ ფაზაშია, ადგილზე მცხოვრები ოჯახები, რომელთაც ახალ კორპუსში უნდა გადაენაცვლათ, ჯერჯერობით შესახლებულნი არ არიან.

ოფისის მოწყობის გარდა, მუნიციპალური ინსპექცია ავტოპარკის განახლებასაც გეგმავს. უწყებამ უკვე გამოაცხადა ცალკე ტენდერი 3 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად. ამ შესყიდვისთვის ინსპექციამ 223 ათას 200 ლარი გამოყო.