ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვის ათეულობით წარმომადგენლის დაკითხვას ითხოვს. სასამართლო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის მონტაჟთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში BBC-მ 47 უწყება გაუგზავნა სხვადასხვა პირს, მათ შორის ტრამპის ოჯახის წევრებს, ადმინისტრაციის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, იუსტიციის დეპარტამენტსა და სხვა ფედერალურ უწყებებს. მაუწყებლის მიზანია დაადგინოს, რა განზრახვა ჰქონდა დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე წარმოთქმული სიტყვის დროს.
საკითხი საკმაოდ ფართომასშტაბურია, რადგან საქმე ეხება ისეთ მაღალი რანგის ფიგურებს, როგორებიც არიან: ივანკა ტრამპი, დონალდ ტრამპ უმცროსი, ჯარედ კუშნერი, სტივ ბენონი, სტივენ მილერი და მაიკლ ფლინი. ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა მოსმენის დანიშვნა მოითხოვეს.
თავად დონალდ ტრამპი BBC-ის მოთხოვნებს „კომპრომატების ძიებად“ აფასებს. თუმცა, მაუწყებელი საპირისპიროს ამტკიცებს: მათი თქმით, რადგან ტრამპმა თავად შეიტანა ცილისწამების სარჩელი, მისი ქმედებებისა და განზრახვების შესწავლა საქმის განხილვის აუცილებელი ნაწილი გახდა.
„მოსარჩელემ თავად დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში ცილისწამების სარჩელის შეტანით, ამიტომ მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს იმ ჩანაწერების მოთხოვნას, რომლებიც ნათელს მოჰფენს მის ცოდნას, განზრახვებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გამოსვლის დროს“, — აცხადებენ BBC-ში.
შეგახსენებთ, რომ ტრამპი BBC-ს ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის დარღვევაში ადანაშაულებს. პრეზიდენტი ტელეკომპანიისგან ათი მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. საქმის მოსაგებად, BBC-ის პოზიციით, ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში არეულობისკენ არ მოუწოდებია და არ წაუქეზებია მომხრეები.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.