თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაანონსებულ დიალოგს ეხმაურება, რომელიც 11 ივნისს გაიმართება და უვიზო მიმოსვლის საკითხს შეეხება. კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა დიალოგისა და მეგობრობისთვის, თუმცა ეს პროცესი მხოლოდ კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.
„თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში საკუთარ კვალს ტოვებს. ოთხ მილიონიანი ერი ვართ, მაგრამ მსოფლიოს არაერთ სფეროში ვაძლევთ გამორჩეულ შემოქმედებსა თუ სპორტსმენებს“, — აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველო არავის ებრძვის, თუმცა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს პრიორიტეტულად იცავს. კალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ხშირად ორმაგი სტანდარტები იკვეთება.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანაც იწყებს მსგავსი კანონმდებლობის განხილვას, რაზეც საქართველოს კრიტიკულად აფასებენ. „თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? ჩვენი პოლიტიკა სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარეობს“, — განაცხადა მან.
კალაძემ ასევე უპასუხა ოპოზიციის პოზიციას, რომლებიც ევროკავშირთან დიალოგის ფონზე უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე საუბრობენ. მერის შეფასებით, ოპონენტების მთავარი მოტივაცია ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა და მათ არ უხარიათ ის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.