უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა საჯაროდ დააანონსა სახელმწიფო მედიის მასშტაბური რეფორმა. მისი თქმით, მომავალ კვირაში პარლამენტში უკვე შევა კანონპროექტი, რომელიც უნგრული საზოგადოებრივი მაუწყებლის „ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას“ ითვალისწინებს.

მადიარმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა. მისი განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანი მედიაში დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველყოფაა.

„მომავალ კვირაში პარლამენტს სახელმწიფო მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ კანონპროექტს წარვუდგენთ. ჩვენი მიზანია დაბალანსებული ინფორმირების უზრუნველყოფა. ახალი ამბები წმინდაა, აზრის გამოხატვა კი - თავისუფალი,“ — აღნიშნა პრემიერმა.

პეტერ მადიარის შეფასებით, წინა ხელისუფლების, კერძოდ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, სახელმწიფო მედიასაშუალებები ხელისუფლების საინფორმაციო რუპორის ფუნქციას ასრულებდნენ. ახალი ინიციატივა სწორედ ამ პრაქტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ მედიარეფორმის პარალელურად, უნგრეთში საგამოძიებო პროცესებიც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ პოლიციამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი მედია-მაგნატის კომპანიების წინააღმდეგ. საქმე ეხება ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებულ მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტებს, რაც მედიასა და ხელისუფლებას შორის არსებული კავშირების გადახედვის ნაწილია.

ამჟამად უცნობია, თუ რა კონკრეტულ მექანიზმებს მოიცავს კანონპროექტი, თუმცა მადიარის განცხადება ცხადყოფს, რომ მთავრობა მედიაგარემოს დეპოლიტიზებას და სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერებას გეგმავს.