ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხებზე გამართული მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრა, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ევროკავშირის სავიზო რეგულაციებით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურებს უკავშირდება.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, გიორგი ტაბატაძემ შეხვედრის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მხარეებმა ერთმანეთს პოზიციები გააცნეს და დიალოგის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესი პოზიტიურად შეაფასა.

„დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრეთ, მოვისმინეთ მათი პოზიცია, მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს“, - განაცხადა ტაბატაძემ „ევროსკოპთან“ საუბრისას. კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, ქართულმა მხარემ ლაკონიურად უპასუხა: „მომავალი გვიჩვენებს“.

აღნიშნული დიალოგი უკავშირდება 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას. მაშინ ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ეს ნაბიჯი წევრი სახელმწიფოების თანხმობის საფუძველზე გადაიდგა.

ევროკომისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრების მიზანი სწორედ იმ პრობლემური გარემოებების მოგვარებაა, რამაც სავიზო შეზღუდვების გააქტიურება გამოიწვია. ეს პროცესი ვიზების შეჩერების მექანიზმის სტანდარტული ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უთანხმოებების დიპლომატიური გზით აღმოფხვრას.