კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი „TV პირველს“ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. სადავო გახდა ტელეკომპანიის ეთერში 11-დან 13 მაისის ჩათვლით გასული ახალი ამბების პროგრამები.

მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, ჟურნალისტების მიერ გამოყენებული კონკრეტული ტერმინები, მათ შორის – „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოლიგარქი“ და „პოლიტპატიმრები“, მაუწყებლის მხრიდან სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს. კომისია მიიჩნევს, რომ ეს ეწინააღმდეგება კანონს, რომელიც მაუწყებელს პოლიტიკური დაპირისპირების გაშუქებისას ნეიტრალიტეტის დაცვას ავალდებულებს.

კომისიის მოხსენებითი ბარათის თანახმად, დაირღვა კანონის ის მუხლი, რომელიც კრძალავს ახალი ამბების პროგრამებში მაუწყებლის პირადი მოსაზრებების საფუძველზე ინფორმაციის გავრცელებას. ასევე, აკრძალულია რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი თუ საწინააღმდეგო პოზიციის აშკარა გამოხატვა.

სადავო ეპიზოდები

კომისიამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე კონკრეტულ სიუჟეტზე. მათ შორის არის რეპორტაჟი, სადაც ჟურნალისტები გლდანის ციხიდან გადაყვანილ პირებს „სინდისის პატიმრებად“ მოიხსენიებენ და პოლიციელების ჩვენებებს ეჭვქვეშ აყენებენ.

კიდევ ერთი ეპიზოდი ეხება ბიძინა ივანიშვილის შესახებ მომზადებულ მასალას, სადაც გამოყენებულია ტერმინი „ოლიგარქი“. ასევე, მარეგულირებლის კრიტიკა დაიმსახურა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ მომზადებულმა სიუჟეტმა, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტი „ოცნებამ სამაგალითოდ დასაჯა“.

კომუნიკაციების კომისიამ საკითხი 18 ივნისს გამართულ სხდომაზე განიხილა. გადაწყვეტილება ტელეკომპანიის შესაძლო სანქციების შესახებ უახლოეს ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს კომისიამ „ფორმულა“ ანალოგიური დარღვევების გამო 2 500 ლარით დააჯარიმა.