გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სერბეთის პრეზიდენტის დელეგაციასთან გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შედგა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიული მოვლენაა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი დონის ვიზიტი პირველად ხორციელდება. მინისტრის თქმით, ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მაღალ დინამიკას უსვამს ხაზს.
„დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით“, — აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორზე. სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არაერთ ქვეყანასთან, რაც აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
სერბეთთან თანამშრომლობა, მინისტრის შეფასებით, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. გარდა სოფლის მეურნეობისა, მხარეებმა განიხილეს წყლის რესურსების მართვის საკითხებიც, სადაც სერბეთის გამოცდილება საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
„ამ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდას, ისე საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას. საბოლოო ჯამში, ეს პროცესები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე აისახება“, — განაცხადა დავით სონღულაშვილმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.