პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრების პოლიტიკურ აქტივობას აკრიტიკებს. პაპუაშვილის განცხადებით, პარტიის წევრები საკუთარ თავს აზიანებენ, როდესაც გარკვეულ თემებს აქტუალურს ხდიან.

პაპუაშვილის თქმით, ამ პროცესში ორი შესაძლო სცენარი იკვეთება: ან პარტიის წევრებს სიამოვნებთ საკუთარ თავზე საუბარი და მაზოხისტურ მიდრეკილებებს ავლენენ, ან მათ თავად გიორგი გახარია იყენებს.

„არაერთხელ ითქვა, რომ დამხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ის ადამიანები დაფიქრდნენ, ვინც პარლამენტში არიან – მათ გახარია დასცინის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ გიორგი გახარია ბრალდებულია დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტების გამო. პაპუაშვილის მტკიცებით, არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ მაშინ პროცესის მართვა არასწორად მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ამ თემების წამოწევით გახარია პირდაპირ დასცინის საკუთარ გუნდს. მისი შეფასებით, პარტია და მისი ლიდერი ისედაც დაზიანებულია და პოლიტიკურად მათ „არაფერი ეშველებათ“.

პაპუაშვილის განცხადებით, პარტიის წევრები, რომლებიც დღეს პარლამენტში საქმიანობენ, ამგვარი ქმედებებით მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის დაზიანებას ახდენენ.