15 ივნისს კიევზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო იერიში ოლექსანდრ დოვჟენკოს სახელობის ეროვნული კინოსტუდიისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. შეტევის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა უკრაინული კინოხელოვნების უნიკალური საგანძური გაანადგურა.

უკრაინის კულტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, ტეტიანა ბერეჟნას განცხადებით, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართულად დაარტყეს კულტურულ ობიექტს. შედეგად, განადგურდა 100 000-მდე სასცენო კოსტიუმი და სამი მილიონი ერთეული სხვადასხვა სახის ისტორიული სამოსი.

„ეს არის რუსეთის მიერ უკრაინული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი მძიმე დანაშაული. კულტურული კერების განადგურება უკრაინელი ხალხის მეხსიერებაზე, ისტორიასა და თვითმყოფადობაზე დარტყმის მცდელობაა“, - აღნიშნა ბერეჟნამ.

1927 წელს დაარსებული დოვჟენკოს კინოსტუდია უკრაინული და მსოფლიო კინემატოგრაფიის სიმბოლოა. ასწლიანი ისტორიის მანძილზე აქ შეიქმნა ისეთი კლასიკური ნამუშევრები, როგორიცაა ოლექსანდრ დოვჟენკოს „მიწა“ და სერგო ფარაჯანოვის „დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები“.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის დასაწყისში კინოსტუდია ევროპის კინოაკადემიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შეიტანეს, რაც მის საერთაშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა აგრესიამ კულტურული მემკვიდრეობის თითქმის 2000 ძეგლი დააზიანა ან გაანადგურა. მათ შორის 100-ზე მეტი ობიექტი იუნესკოს მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.