თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირება ტრაგიკულად დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა.

გამოძიების თანახმად, ინციდენტის დროს ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის იყო თავად ერთ-ერთი ბრალდებულიც.

შემთხვევის დროს დაძაბული ვითარება მიმალვის მცდელობამ გაართულა. დაჭრილი პირებიდან ერთ-ერთი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადავარდა. მიღებული დაზიანებები მისთვის სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

დანარჩენი ორი დაჭრილი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო.

სამართალდამცველები საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით იძიებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.