დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე 38-ე დღეა, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსგან და პირადად მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან მყისიერ რეაგირებას და კონკრეტულ ანგარიშს ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური ინიციატივის, „დაიცავი ილიაუნის“ ფარგლებში საზოგადოებამ 1.67 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეაგროვა, მშობლები აცხადებენ, რომ ეს თანხა პრობლემას ფუნდამენტურად ვერ გადაჭრის. მათი თქმით, ბრძოლა უფრო მასშტაბურ ფინანსურ რესურსებსა და სახელმწიფოს ჩართულობას საჭიროებს.
„ბრძოლა გრძელდება“
აქციის მონაწილე ზაქრო გვიშიანის განცხადებით, საზოგადოების მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო, თუმცა ბავშვების საჭიროებები კვლავ დაუკმაყოფილებელია. მშობლები აკრიტიკებენ ჯანდაცვის უწყებას და აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ბავშვები საჭირო სამედიცინო ინვენტარით, მათ შორის ადაპტირებული საწოლებით, ეტლებითა და სასუნთქი აპარატებით არიან უზრუნველყოფილნი.
„იმ ფონზე, როდესაც გადართული უნდა იყვნენ ამ საკითხის მოგვარებაზე, ჩვენ გვესმის მხოლოდ პროპაგანდა, თითქოს საჭიროებები უზრუნველყოფილია,“ - აცხადებს გვიშიანი.
მშობლების მტკიცებით, სამინისტროს არცერთ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან არ ჰქონია კომუნიკაცია, რაც ძვირადღირებული მედიკამენტების შემოტანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ხნის განმავლობაში კი, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა.
მოთხოვნა სამინისტროს
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, თაკო გოგალაძე აღნიშნავს, რომ მშობლები უკიდურეს ზღვარზე არიან. მათი მოთხოვნაა, ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ წარადგინოს გეგმა: ვისთან თანამშრომლობენ, რა პროცესები მიმდინარეობს და რა ნაბიჯებს დგამენ მედიკამენტების შესასყიდად.
მშობლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ თუ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, პასუხისმგებლობა სრულად ჯანდაცვის სამინისტროს დაეკისრება. ამ დრომდე არც მთავრობის კანცელარიიდან და არც სამინისტროდან მათთან კონკრეტული მოლაპარაკებებისთვის არავინ მისულა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.